ზუგდიდელ აქტივისტ მარიამ სიჭინავას ანგარიშები დაუყადაღეს

ზუგდიდელი აქტივისტი მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს.
სიჭინავას თქმით, მას რამდენიმე ათასის ოდენობის გადაუხდელი ჯარიმა დაუგროვდა და ანგარიშები ამის საფუძველზე დაუყადაღეს, თუმცა მისი შვილი მარჩენალდაკარგულის სოციალური სტატუსით სარგებლობდა, შესაბამისად სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა ანგარიშები დაეყადაღებინა.
„6 თვის განმავლობაში მიცავდა კანონი და არ მიყადაღებდნენ ანგარიშებს. ახლა ვარკვევ, რა შეიცვალა — ჩემი შვილის მამა მკვდრეთით ხომ არ აღდგა. ჩემი აზრით, დაყადაღება 20 მაისს სთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, რადგან ანგარიშების დაყადაღებაზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 20 წუთში დამირეკეს და მითხრეს, რომ ხვალ, 13:00 საათზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ მარიამ სიჭინავამ.
მარიამ სიჭინავა ფიქრობს, რომ გადაუხდელი ჯარიმებიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ მასზე ფინანსური ზეწოლა ვერ განხორციელდება, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით ხვალ პატიმრობას მოითხოვს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ სიჭინავას მას შემდეგ უჩივლა, რომ ის და კერენ ესებუა ირაკლი ზარქუას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდა და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილა.
„სამარცხვინო, ზუგდიდში შენი ადგილი არ არის“, – მიმართავდნენ აქტივისტები ირაკლი ზარქუას.
თავის მხრივ, ზუგდიდელი აქტივისტებმაც უჩივლეს ირაკლი ზარქუას და მის თანმხლებ პირს, რომელმაც ესებუას ტელეფონი გააგდებინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.