ზოგმა კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის შეჩერებაზე მოგვმართა – AACI

კლინიკების დიდი ნაწილი საერთაშორისო აკრედიტაციის ასაღებად ემზადება. ჰოსპიტალურმა სექტორმა უკვე გააფორმა ხელშეკრულებები აკრედიტაციის გამცემ კომპანიებთან, თუმცა არის საკითხები, რომელიც აღნიშნულ პროცესში გამოწვევად სახელდება.
ამერიკის აკრედიტაციის კომისიის საქართველოს წარმომადგენლობის ვიცე პრეზიდენტი, არჩილ მორჩილაძე ამბობს, რომ მათი კომისია საქართველოს მასშტაბით 50-მდე კლინიკას ემსახურება. მისი თქმით, ნაწილმა აკრედიტაციის მოპოვება უკვე შეძლო, ნაწილი კი შემოწმების პროცესისთვის ემზადება.
მორჩილაძე აცხადებს, რომ არიან კლინიკები, რომლებმაც უარი განაცხადეს პროცესის ბოლომდე მიყვანაზე, რადგან შეფასების პროცესში აღმოაჩინეს, რომ სტანდარტებზე მორგება გაუჭირდებოდათ. მორჩილაძის თქმით, მიუხედავად მსგავსი შემთხვევებისა დადგენილი ვადების გახანგრძლივება მიზანშეწონილი არ არის.
“პროცესები ჩვენ დავიწყეთ გასული წლის ბოლოს. რამდენიმე კლინიკამ უკვე აიღო ამერიკის აკრედიტაციის კომისიის აკრედიტაცია. ინტენსიურად მიმდინარეობს პროცესი, თითქმის ყველა კლინიკაში ჩავატარეთ წინასწარ შეფასება, რომელმაც ზოგიერთი კლინიკისთვის გამოავლინა რომ ისინი არ არიან მზად და იქ შეჩერდება აკრედიტაცია, მათ წერილებითაც მოგვმართეს. ზოგან ინფრასტრუქტურული პრობლემებია, ზოგან მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ ვერ დაძლევენ ამ სტანდარტებს.
ესეც მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი შეფასება ზუსტად ანახებს კლინიკას, მას შეუძლია თუ არა მიიღონ ამერიკული აკრედიტაცია, თუმცა უკვე ჩატარდა 5-6 კლინიკაში ძირითადი შეფასება, 3-მა კლინიკამ, ფაქტობრივად, დაძლია 70%-იანი ზღვარი და ისინი უახლოეს პერიოდში მიიღებენ აკრედიტაციას. არის კლინიკა, რომელიც არის ზღვარზე და 2 თვის შემდეგ ჩავატარებთ მონიტორინგს და მათ გამოსწორებისთვის დრო ექნებათ,”- ამბობს ამერიკის აკრედიტაციის კომისიის საქართველოს წარმომადგენლობის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მორჩილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ