ზვიად ძიძიგური – პატივისცემა დამეუფლება პარტიების მიმართ, რომლებმაც იციან, რომ ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს და არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ხმები, რომლებიც მათ უნდა აიღონ, არა ხელისუფლების მხარეს, არამედ ოპოზიციაში წავა

პატივისცემა დამეუფლება იმ პარტიების მიმართ, რომლებმაც იციან, რომ ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს და საერთოდ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას , – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
როგორც ძიძიგური განმარტავს, პარტიების, რომლებსაც არ აქვთ 5%-იან ბარიერს გადალახვის შანსი და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ხმები არ წავა ხელისუფლების მხარეს, რაც კოალიციურ მმართველობას ნიშნავს.
„პატივისცემა დამეუფლება იმ პარტიების მიმართ, რომლებმაც იციან, რომ ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს და საერთოდ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. რადგან, ის ხმები რომლებიც მათ უნდა აიღონ, არ წავა ხელისუფლების მხარეს, წავა ოპოზიციაში გადანაწილდება და ეს უკვე კოალიციურ მმართველობას ნიშნავს. კოალიციური მმართველობა ჩვენი ქვეყნისთვის არის დიდი შანსი, რომ ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა ძიძიგურმა.
როგორც ძიძიგურმა 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციის სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა, ოპოზიციას აქვს გამოწვევები.
მისი მოსაზრებით, „პროპორციული არჩევნები ძალიან ვერაგი არჩევნებია“ და თუ პარტია 40-35% აიღებს, ძალიან მაღალი შედეგია.
„ოპოზიციას აქვს გამოწვევები: ვერ აკეთებენ ბლოკს, როდესაც 5-% – იანი ბარიერის გადალახვისთვის საუკეთესო საშუალებაა ბლოკი, რასაც ვერ აკეთებენ, რადგან კანონმდებლობით აკრძალულია. ეს პარტიებისთვის დიდი დაბრკოლებაა.
მეორე უბედურება არის ის, რომ 1%-იან ბარიერზეა მიბმული საბიუჯეტო დაფინანსება. ამით მოიხიბლებიან პარტიები და აუცილებლად წავლენ არჩევნებზე და ხმების ნახევარზე მეტს გადაულოცავენ პირველ ადგილზე გასულ პარტიას, დიდი ალბათობით, სახელისუფლებო პარტიას. ხელისუფლებას, როდესაც ასეთ პარტიებს უყურებს, ძეხვის მომლოდინე კატის გამომეტყველება აქვს, რადგან მათი პროცენტები შეუძლიათ მათ გადასანსლონ“, – განაცხადა ძიძიგურმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა “ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.
დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამით მოგებულები დარჩებიან და არა წაგებულები, ამიტომ შემოაქვთ აღნიშნული კანონი.
„ჩვენი ქვეყანა არის კონსერვატორული ქვეყანა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ძალიან ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს. მე, მაგალითად, დაუჭერ მხარს და ადამიანები ვინც ჩემ ირგვლივ არიან, დაუჭერენ მხარს.
ხელისუფლება შეეცდება ლგბტ თემასთან დაკავშირებით ოპოზიცია ლგბტ მხარდაჭერებში გაიყვანოს და თვითონ დარჩეს კონსერვატიულ ფლანგზე. ამას გააკეთებს და ამით ელექტორალურად დარჩება მოგებული, ხოლო ოპოზიცია წაგებული.
კანონის გატანისთვის ხელისუფლებას ყოველთვის საკმარისი ხმა აქვს. ხელისუფლების მიერ შემოტანილი კანონს ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს, ეს რა ოპოზიციაა?! ეს ტაქტიკა აქვს ხელისუფლებას, მათ ეს კანონპროექტი შემთხვევით არ შემოუტანიათ. რა გგონიათ, უცებ გახდნენ ეროვნულები? სახელისუფლებო პარტია, არც კონსერვატორულია, არც ლიბერალურია, არც მემარჯვენეა, არც მემარცხენეა. არის ეკლექტური გაერთიანება“,- განაცხადა ძიძიგურმა.

ასევე დაგაინტერესებთ