ვინც გახარიას პარტიაშია, ყველა თანამდებობის პირი იყო და ყველა თანამდებობიდან წავიდა, არც არის იმაზე საუბარი, რომ პარლამენტში შევალთ, ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა , – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
ზვიად ძიძიგურმა ისაუბრა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა, რომ წინ ბრძოლის ხანგრძლივი პროცესია, რაც უახლოეს კვირებში არ დასრულდება.
“წინ არის ძალიან დიდხნიანი პროცედურები და პროცესები. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ერთ ან ორ კვირაში დამთავრდება რაღაცა ტიპის წინააღმდეგობები, რაც არის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ძალიან ცდება. ეს ხანგრძლივი პროცესია. ამ პროცესში რას დავგეგმავთ, რა სცენარები იქნება, როგორ განვითარდება, არ ვიცით.
ერთი რამ, რაც მომწონს ახალ პარტიაში, სადაც ახლა ვარ, ყველა დეტალზე, ყველა, ერთი შეხედვით, მეორეხარისხოვან პოლიტიკურ საქმეზე არის ძალიან ხანგრძლივი მსჯელობა და განხილვა, რომ მაჯაზე ხელი გედოს მუდმივად. განვიხილავთ სხვადასხვა სცენარს და არ მინდა ამაზე საჯაროდ საუბარი. საჯაროდ რასაც ვაცხადებთ, არის ის, რომ ჩვენ არ მივცემთ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას. ამას ამბობს გიორგი გახარია, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრი და ამ თანამდებობიდან თავისი ნებით გადადგა, ამას გეუბნებით მე, რომელიც ვიყავი პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ჩემი ნებით გადავდექი თანამდებობიდან. გახარიას პარტიაში ვინც არის, ყველა თანამდებობის პირი იყო და ყველა წავიდა თანამდებობიდან და არც არის იმაზე საუბარი, რომ პარლამენტში შევალთ, ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა.
ძალიან ბევრი მიმართულებით არის წინააღმდეგობა გასაწევი, მათ შორის, სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ შორის, საერთაშორისო თვალსაზრისით, არის კიდევ უამრავი თემა, რომელზეც მუშაობს ჩვენი პარტია. რეგიონებში არის კიდევ მობილიზაცია იმისთვის, რომ ეს რესურსიც გამოვიყენოთ შემდგომში, როდესაც საჭირო იქნება. ქუჩის აქციებში არ ვართ ჩვენ ორგანიზატორები და წამყვანი როლი არ გვიკავია, თუმცა იქაც ვიღებთ მონაწილეობას, უბრალოდ, ჩვენი შეხედულებითა და ჩვენი გეგმებით, არ ვიზილებით სხვა პარტიებში”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ძიძიგურის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კოალიციით დაამარცხა წინა ხელისუფლება და ამის შემდეგ პოლიტიკური კოალიციები აკრძალა.
როგორც მან განმარტა, ივანიშვილმა ამის მიზეზად პარტიების გაძლიერების გეგმა დაასახელა, თუმცა, ახლა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს თავად ამ პარტიების გაუქმება უნდა.
“ქუჩის აქციებზე იმას ვიტყვი, რომ ძალიან დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროტესტში იღებს მონაწილეობას. ის, რომ ყოველ დღე ასი ათასი ადამიანი იდგეს ქუჩაში, ასეთი აქცია არც არასდროს არ ყოფილა, მაგრამ როცა საკვანძო მომენტები იყო, ამ საკვანძო მომენტებში ადამიანები ყოველთვის იკრიბებოდნენ. ვარდების რევოლუციის დროს საკვანძო მომენტი იყო, როდესაც პარლამენტი შეიკრიბა და ვიღაცას ჰგონია, რომ იქ ძალით შევარდა მიხეილ სააკაშვილი. არა, კარი თავად დაცვის სამსახურმა გაუღო და პროტესტანტების ჯგუფი შევიდა სხდომათა დარბაზში.
იმედგაცრუება ვისაც აქვს, იმ ადამიანებს ვეტყვი, რომ ყველაფერი ბრძოლით მიიღწევა, იმედგაცრუებით არაფერი გამოვა. ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს გაყალბებული არჩევნები არ შეარჩინოს დღევანდელ ხელისუფლებას, იმედგაცრუების უფლება არ გვაქვს. ეს იქნება განგრძობადი ბრძოლა, ეს არ არის ერთკვირიანი და ორკვირიანი პროცესი და რამდენი ხანი გაგრძელდება, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული – ჩვენი დასავლელი კოლეგები როგორ ჩაერთვებიან ამ არჩევნების გამოძიების საქმეში, რა პოზიციას დაიკავებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, როგორი იქნება საერთაშორისო გამოძიების მექანიზმები, სტრასბურგის სასამართლო, რომელიც წარმოებაში რომ მიიღებს საქმეს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაზე ერთგვარი ზეწოლა იქნება და ესეც ბერკეტია. ყველა ბერკეტი გამოსაყენებელია, ბევრი ფორმა არსებობს პროტესტის და ამ ფორმებზე ძალიან დეტალური მსჯელობა მიდის იმ პარტიაში, სადაც ვარ და მომიწია ყოფნა. კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ვიყავი ოცი წელი და ახლა პარტიის წევრიც აღარ ვარ, ისეთი კანონმდებლობა შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა. თვითონ კარგად მიიღო კოალიციით მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მერე ისე შეცვალა კანონმდებლობა, რომ აკრძალა კოალიცია. პარტიების გაძლიერება გვინდაო და ამ მიზეზით აკრძალა და ახლა, პარტიები უნდა ავკრძალო საერთოდო. ანუ პარტიების გაძლიერება კი არა, საერთოდ გაუქმება უნდა და ერთადერთი პარტია უნდა, რომ იყოს, როგორც ეწერა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში, რომ საბჭოთა კავშირში მოქმედი პარტია არის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია. ჩაწეროს ესეც კონსტიტუციაში ბარემ და მოისვენებს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.