ზვიად შალამბერიძე – პირველად ისტორიაში, იმერეთი ევროპის თერმული ქალაქების გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს

საქართველოში, პირველად ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება, რომელსაც იმერეთი მასპინძლობს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათვე ცნობით, საერთაშორისო ასამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „კურორტების განვითარების სააგენტოს“ ეგიდით ტარდება.
კურორტ წყალტუბოში 15-მდე ქვეყნის 30-მა წარმომადგენელმა ქართულ მხარესთან ერთად გენერალურ ასამბლეაზე ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების საერთო ინტერესებზე, ხედვასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
ინფორმაციის თანახმად, გენერალური ასამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ 2024 წლის გაზაფხულის ასამბლეის მასპინძლობა არის რეგიონისთვის ახალი გამოწვევა და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს მსოფლიოს თერმული წყლების უნიკალური კურორტები გავაცნოთ, რათა საქართველო და განსაკუთრებით იმერეთის რეგიონი თავისი უნიკალურობით აღმოაჩინონ.
„პირველად ისტორიაში, იმერეთი მასპინძლობს ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების გენერალურ ასამბლეას, სადაც წარმოდგენილია ევროპის ქვეყნების დელეგატები. ჩვენ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა სახის შეხვედრები და ღონისძიებები გვექნება, ასევე სტუმრები ადგილზე თერმული წყლების სპა ცენტრებს და სამკურნალო თვისებებს გაეცნობიან. ვფიქრობ, სამი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება და რაც მთავარია გაზიარება იმ პრაქტიკის მოხდება, რომელიც აქვს ისეთივე თერმულ ქალაქებს, როგორიცაა წყალტუბო და საირმე“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „კურორტების განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა ყურადღება კურორტების განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის პრეზიდენტმა, რიკარდო მორტანდელომ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო და კერძოდ იმერეთი არის უნიკალური თერმული წყლების საბადო და ამიტომ მნიშვნელოვანია აღნიშნული კურორტების ადგილზე გაცნობა და დეტალური ინფორმაციის გაზიარება.
ქართული მხარის მიზანია საქართველოში და კერძოდ იმერეთში განვითარდეს სამედიცინო ტურიზმი, მოხდეს ახალი ბაზრების ათვისება და დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო.
იმერეთი არის თერმული წყლების საბადო. მხარეში 33 მინერალური და თერმული წყალია, აქედან ყველაზე მეტი ვიზიტორი წყალტუბოსა და საირმეს ჰყავს.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაცია ევროპის 18 ქვეყნის 50 წევრს აერთიანებს, ასევე ასოციაციის საერთაშორისო პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ბრაზილია. აღნიშნულ ასოციაციას საქართველოდან, იმერეთის რეგიონი 2017 წელს შეუერთდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.