სასწავლო პროცესის სრული ციკლი როგორც არის განსაზღვრული ევროკავშირში, ის რა თქმა უნდა, აღარ იქნება საქართველოში და ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საქართველო უნდა გავიდეს ბოლონიის პროცესიდან და ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა აღმოვჩნდეთ საგანმანათლებლო სივრცეშიც სადღაც გამოქვაბულში იმიტომ, რომ ასე უნდა ბიძინა ივანიშვილს , – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა, ექსპერტმა ზვიად ქორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განათლების რეფორმის თაობაზე განაცხადა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარდგინა.
ქორიძის თქით, უნივერსიტეტებში სრულ განაკვეთზე პროფესორებისთვის ანაზღაურების გაზრდა არის მხოლოდ და მხოლოდ საცდური.
„ანაზღაურების გაზრდა არის მხოლოდ და მხოლოდ საცდური, რომლითაც შეიძლება ვიღაც მიიტყუოს კობახიძემ. არც კობახიძეს და არც ბიძინა ივანიშვილს არ დაუმალავთ, რომ მათ სურთ განათლების სრული ინდოქტრინაცია და მათ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ზუსტადაც დაანგრიონ საჯარო განათლების სისტემა, ვითომ მოიმადლიერონ ბავშვებისა და მშობლების გულები, როცა განათლება 11-წლიანი გახდება და როცა გადავალთ 3+1 განათლების სისტემაზე. სასწავლო პროცესის სრული ციკლი როგორც არის განსაზღვრული ევროკავშირში, ის რა თქმა უნდა, აღარ იქნება საქართველოში და ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საქართველო უნდა გავიდეს ბოლონიის პროცესიდან და ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა აღმოვჩნდეთ საგანმანათლებლო სივრცეშიც სადღაც გამოქვაბულში იმიტომ, რომ ასე უნდა ბიძინა ივანიშვილს. მან უკეთესად იცის, როგორ ასწავლოს, რა ასწავლოს, ვინ ასწავლოს და როგორ მოაწყოს სწავლების მეთოდიკა.
იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ და ზეგ თავისი კონცეფციები შესთავაზოს საგანმანათლებლო სისტემებს, როგორიც კიმ ჩენ ინს ან აიათოლას ან სხვა ტოტალიტარს შეუთავაზებია სასწავლო სისტემისთვის.
ეს ართმევს ჩვენს მოსწავლეებს იმის შანსს, რომ გახდნენ სრულუფლებიანი და კონკურენტული აქტორები ევროპის საგანმანათლებლო სისტემაში“, – განაცხადა ქორიძემ.
გარდა ამისა, მან გადაცემაში შეაფასა „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებს ეხება. როგორც ქორიძემ აღნიშნა, საზოგადოება არ უნდა დაემორჩილოს ახალ კანონს, ვინაიდან ამით ტოტალიტარიზმის ლეგიტიმაციას მოახდენს.
„ირაკლი კობახიძეს ძალიან მალე მოუწევს ხელების აწევა და იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი, რაც მან გააკეთა, არის დანაშაული ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე. ამას მას ქართული საზოგადოება გააკეთებს იმიტომ, რომ არ შეიძლება თანამედროვე ეპოქაში მოქალაქეებს წაართვა ფუნდამენტური უფლებები. თუ შენ ამას აკეთებ და ამას აკეთებ იმიტომ, რომ რეპრესიული ბერკეტები გაქვს ხელში, ეს არის ზუსტად ავტორიტარიზმი და ეს არის ზუსტად დიქტატურა.
ვისაც რაიმე მიზეზით გააჩნია პროტესტი საქართველოში, ყველას ერთმევა ამის უფლება ამ ჩანაწერით. ეს კანონი არის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ მიმართული კანონი, ეს კანონი ანგრევს ადამიანის თავისუფლებას.
თუ საზოგადოება ამ კანონს დაემორჩილა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენივე საზოგადოება თავისივე ნებით ლეგიტიმაციას აძლევს ტოტალიტარიზმს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ქართულ საზოგადოებას დიქტატურა უნდა, ვერც ვერავინ დამარწმუნებს ამაში.
ერთადერთი ლოგიკური, ერთადერთი მოსალოდნელი და ერთადერთი სწორი რეაქცია ამ საზოგადოების ის იქნება, რომ ძირშივე უნდა დავტოვოთ მკვდრადშობილად, ეს კანონი ვერ უნდა აღასრულოს ხელისუფლებამ იმიტომ, რომ თუ ამ კანონს აღასრულებს ირაკლი კობახიძე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კიდევ დამატებით ძალიან მნიშვნელოვან აგურს დადებს ბიძინა ივანიშვილის ტოტალიტარიზმის მშენებლობაში.
ქართულმა საზოგადოებამ თუ პირში წყალი ჩაიგუბა, თუ თქვა, რომ არ გამოვა ქუჩაში და ამ პროტესტს შეინახავს სამზარეულოში, გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში მოვა ტოტალიტარიზმი ქვეყანაში“, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
