ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს, ზვიად ქორიძეს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. საქმე ეხება 14 იანვარს, ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტს.
მაშინ ზვიად ქორიძემ მედიას უთხრა, რომ სასტუმროს ფოიეში ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები. მას დაზიანებები აღენიშნებოდა თვალის არეში.
ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო. ამაღლობელი 11 იანვრის შემდეგ პატიმრობაშია, მას პოლიციელისთვის სილის გაწნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ზვიად ქორიძის მონაყოლის მიხედვითვე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას. ექიმის ინფორმაციით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა.
ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი პროკურატურას გადასცა.
