ზვიად კუპრავა ვიდეომიმართვისთვის დააკავეს

თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზვიად კუპრავა დააკავეს.
როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, დაკავების მიზეზი გახდა კუპრავას მიერ 2025 წლის 30 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს „4 ოქტომბრის ს ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ მოუწოდა“.
„აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად, მან შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, არჩევნები — რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი — სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება ივანიშვილად მოიხსენია, რაც ბუნებრივია, ვერ გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრიობას. ასევე, კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა. შესაბამისად, ზვიად კუპრავამ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს“, — განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, ვიდეომიმართვაში კუპრავამ დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა — ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მსჯავრდადებული და მის მიერ და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა ბრალდებულები თუ მსჯავრდადებულები.
„გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას, მათი სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. მადლობა ყურადღებისთვის“, — განაცხადა მაღრაძემ.
ვიდეომიმართვაში, რომლის გამოც დააკავეს, ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ასი ათასობით ადამიანმა, მისი ჩათვლით, გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია და დაამხოს ივანიშვილი.