ცხრა კილომეტრს შეადგენს ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა, რომელიც დღეს, 26 აპრილს გაიხსნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ ექვსი წუთი სჭირდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქ. ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს
„დაახლოებით 30 წუთით შეამცირებს ამ მონაკვეთზე მგზავრობის დროს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც გზის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა.
ზესტაფონის შემოვლითი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს ოთხ გვირაბს და 11 ხიდს.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტის მხარდაჭერისთვის, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს.
„უშუალოდ ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და მის წარმომადგენელს საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
დაწერეთ კომენტარი
