ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფ ავტომანქანაში 6 წუთში 5-ჯერ ჩაუსხამთ ბენზინი, ზოგჯერ იმაზე მეტი, ვიდრე ავზში ეტეოდა.
ამაზე მიუთითებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში.
აუდიტის თანახმად, 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა ბალანსზე არსებულ 2 განპიროვნებულ და 4 სამორიგეო ავტომანქანას. წლების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ასევე სარგებლობდა საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებული 7-22 ავტომობილით.
წარმოდგენილი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა საანგარიშო პერიოდში გახარჯა 213 900 ათასი ლარის ღირებულების 73.5 ტონა საწვავი, მათ შორის, საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე გახარჯულია 26 ტონა საწვავი.
საწვავის ნაწილს, კერძოდ, 12.2 ტონას, მუნიციპალიტეტი ხარჯავდა vip ბარათების საშუალებით, რისი აუცილებლობაც, აუდიტის სამსახურის შეფასებით, არ იყო, რადგან მუნიციპალიტეტს შეეძლო საწვავის ლიმიტის დარეგულირება თითოეული მოხელის სამსახურებრივი საჭიროებების მიხედვით. ამასთან, პლასტიკური ბარათების გამოყენება ზრდის საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვის რისკს: ბარათით (განსაკუთრებით უნომრო ბარათით) შესაძლებელია არაავტორიზებული ავტომანქანის საწვავით გამართვა.
აუდიტის დასკვნით, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებში დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის ან ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილის ავზის მოცულობაზე არსებითად მეტი ოდენობის საწვავი. აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აგაი (ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების) სისტემით აღჭურვილი ავტომანქანისთვის განკუთვნილი საწვავით იმართება სხვა ტრანსპორტი, ჩიპის გადაადგილების შედეგად. ავზის მოცულობის შეუსაბამოდ, სავარაუდოდ, ჩასხმულია სულ 3.8 ტონა საწვავი, მაგალითად:
· მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფ ავტომანქანაში ერთი დღის განმავლობაში საწვავი ჩასხმულია 11-ჯერ, ჯამში, 220 ლიტრის ოდენობით. მათ შორის, დროის უმცირეს ინტერვალში – 10:46 საათიდან 10:52 საათამდე საწვავი ჩასხმულია 5-ჯერ, ჯამში, 100 ლიტრის ოდენობით. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით კი ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობა 65 ლიტრია;
· კერძო ავტომანქანის მფლობელმა ავტომანქანაში ერთჯერადად ჩაასხა საწვავი 80 ლიტრის ოდენობით. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობა 60 ლიტრია“.
აუდიტის თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები პირად საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში სამსახურებრივ საწვავს ასხამდნენ შვებულების პერიოდშიც, რისი უფლებამოსილებაც არ ჰქონდათ.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, მუნიციპალიტეტის მიდგომა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ არარაციონალურია და საკრებულომ, მერიასთან შეთანხმებით, უნდა განსაზღვროს კონტროლის მექანიზმები და შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა.
სხვა მიგნებები
აუდიტის სამსახურის თანახმად: ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 27% და 29% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
შესყიდვის პროცესში მუნიციპალიტეტმა სათანადოდ არ შეაფასა ხელშეკრულების შესრულების რისკები. კერძოდ, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე დახარჯა 132.2 ათასი ლარის საბიუჯეტო რესურსი და სანაცვლოდ მიიღო არაგონივრულად მაღალი ფასით შესრულებული მოსამზადებელი სამუშაოები.
ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების ადმინისტრირების პროცესში მერიამ მიმწოდებლებზე არ გაავრცელა საჯარიმო სანქცია 22.5 ათასი ლარის ოდენობით, ასევე ვერ უზრუნველყო დარიცხული 257.5 ათასი ლარის პირგასამტეხლოს მიღება.
მერიამ ვერ უზრუნველყო შესყიდვების პროცესის სწორად წარმართვა, სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრა და მიმწოდებლების შერჩევა სათანადო ბაზრის კვლევის საფუძველზე. ამდენად, არსებობს რისკი, რომ მერიამ შესყიდვების ფასები განსაზღვრა არასაბაზრო ღირებულებებით და გასწია არაეკონომიური ხარჯი.
მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. პრეტენდენტის არასაკმარისად დასაბუთებული დისკვალიფიკაციის შედეგად მუნიციპალიტეტმა დაკარგა მინიმუმ 16.4 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულმა დაუსაბუთებელმა მოთხოვნებმა გამოიწვია შესყიდვის პერიოდის გახანგრძლივება, კონკურენციის შეზღუდვა ან/და საბიუჯეტო თანხების არარაციონალური ხარჯვა.
მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უხარისხოდ შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად ზრდიდა მიწოდების ვადებს და აუარესებდა შემსყიდველი ორგანიზაციის პირობებს.
მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას. კერძოდ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების ვადები 29 შემთხვევაში გაზრდილია დაუსაბუთებლად, არაობიექტური მიზეზებით.
მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების, ასევე შეძენილი აქტივების განკარგვის მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით. მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 343.1 ათასი ლარი და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.
მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები: მოსახლეობის წყალმომარაგებაზე ფუნქციურად პასუხისმგებელი არ არის არც ერთი სამსახური; მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.
ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად, 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა საკრებულოსა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებზე კანონშეუსაბამოდ გასცა 10.7 ათასი ლარის სახელფასო დანამატი.
2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა 59.9 ათასი ლარი დახარჯა საინფორმაციო-სარეკლამო სახის მომსახურების შესასყიდად. მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა კონკრეტული საინფორმაციო პროგრამების შესყიდვის საჭიროება, ასევე დახარჯული ფულადი რესურსისა და მიღებული შედეგის ადეკვატურობა.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით.
2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაავთენტური დოკუმენტაციის საფუძველზე თანხები სისტემატურად ირიცხებოდა კონკრეტული ფიზიკური პირის ანგარიშებზე. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39.2 ათასი ლარი არამართლზომიერად დაიხარჯა.
მერია ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტი სრულად ვერ იღებს დასუფთავების მოსაკრებელს.
მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
