უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპის სიტყვებს, რომელმაც გუშინ გამოაცხადა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შესაძლო „ტერიტორიების გაცვლის“ შესახებ.
„უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკვე არის უკრაინის კონსტიტუციაში. არავინ აპირებს და ვერ შეძლებს ამისგან უკან დახევას. უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ უჩუქებენ“, განაცხადა ზელენსკიმ მიმართვაში.
გუშინ Wall Street Journal-მა წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, მზადაა ზავისთვის იმის სანაცვლოდ, თუ უკრაინა დათმობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, რომლებსაც ძირითადად რუსეთი აკონტროლებს.
„უკრაინა მზადაა რეალური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც შეუძლია მშვიდობის მოტანა. ნებისმიერი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგაა მიმართული, ნებისმიერი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის გარეშეა, ამავე დროს არის მშვიდობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები. ისინი არაფერს მოიტანს. ეს არის მკვდარი გადაწყვეტილებები, ისინი არასდროს იმუშავებს“, წერს ზელენსკი თავის მიმართვაში და დასძენს, რომ მზადაა ითანამშრომლოს ტრამპთან და სხვა პარტნიორებთან „ნამდვილი მშვიდობისთვის“.
15 აგვისტოს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი, აშშ-ის შტატ ალასკაში შეხვდებიან ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად.
ფორუმი
