უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს დასავლეთის მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ რუსეთთან ომში დაღუპულია 80 000 უკრაინელი სამხედრო.
2 დეკემბერს, იაპონურ Kyodo News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ არმიის დანაკარგები არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 80 000-ზე გაცილებით ნაკლებია. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ მათი მონაცემები არასრულია, რადგან არ იციან, რამდენი დაიღუპა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
2024 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების დანაკარგი 31 000-ია.
რუსეთის ხელისუფლებაც არ ასაჯაროებს უკრაინასთან ომში დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვს. მედიასაშუალებებმა ღია წყაროებით გავრცელებული ცნობების საფუძველზე დაადგინეს, რომ დაღუპულია დაახლოებით 81 000.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
ფორუმი