უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომის პაპის ინაუგურაციის წირის შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. შეხვედრაზე მათ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზები განიხილეს.
დასავლური მედია წერს, რომ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის მზადყოფნა სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, რაც რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის საკითხი, რაც სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მიღებული გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა ზელენსკისთან პირდაპირ შეხვედრაზე, მან სტამბულში დაბალი დონის დელეგაცია გააგზავნა.
ეს ზელენსკისა და ვანსს შორის პირველი პირდაპირი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც თებერვალში თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას საზოგადოებაში აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა. მაშინ ვანსმა ზელენსკი დაადანაშაულა აშშ-ს მიმართ უმადურობაში.
დღეს შემდგარი შეხვედრის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა და აღნისნა, რომ რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია, სანამ ისინი ომის შეჩერებას არ დათანხმდებიან.
“კარგი შეხვედრა მქონდა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან რომში.
ჩვენი საუბრისას განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა დაბალი დონის, გადაწყვეტილების მიმღების უფლების არმქონე დელეგაცია გამოგზავნა. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზად არის რეალურ დიპლომატიაში ჩასართავად და ხაზი გავუსვი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას, რაც შეიძლება მალე.
საუბარი შეეხო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვით თანამშრომლობას, ფრონტზე არსებულ ვითარებას და ტყვეების მოსალოდნელ გაცვლას. საჭიროა ზეწოლა რუსეთზე, სანამ ისინი თავად არ გამოთქვამენ ომის დასრულების სურვილს. და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად.
მადლობა ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის – იმ სიცოცხლის გადასარჩენად, რაც დღეს ფასობს”, – წერს ზელენსკი.
