“არავინ არის დაინტერესებული რუსეთის მესამედ შემოჭრაში. და სწორედ ახლა, თავდაცვითი დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან რუსეთის თავდასხმები არ წყდება. საჭიროა სიცოცხლის უკეთესი დაცვა, რომ დიპლომატიამ იმუშაოს სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად…”.
დაწერა 11 დეკემბერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “მსურველთა კოალიციის” ონლაინსამიტის შემდეგ. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს კოალიცია არის უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ფორმატი ახლა და სამომავლოდაც:
“ვმუშაობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები მოიცავდეს ევროპის მიერ შეკავების სერიოზულ კომპონენტებს და იყოს სანდო. მნიშვნელოვანია, რომ აშშ ჩვენ გვერდით არის და მხარს უჭერს ამ ძალისხმევას”.
ხუთშაბათსავე “მსურველთა კოალიციის” სამიტამდე ზელენსკიმ თავის გუნდთან ერთად გამართა ასევე ონლაინშეხვედრა ვაშინგტონთან. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, დისკუსია შეეხებოდა სამიდან ერთ-ერთ სამუშაო დოკუმენტს – უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. როგორც თავად აღნიშნავს, ამერიკის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, გენერლები: ჯეკ კინი და ალექსუს გრინკევიჩი, აგრეთვე – ფედერალური შესყიდვების სამსახურის კომისარი ჯოშ გრუენბაუმი. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დისკუსიაში მონაწილეობდა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე.
ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ პროცესში აშშ-ს წვლილს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ არა მხოლოდ ომის დასრულებაა ვაშინგტონის მიზანი, არამედ შემდგომი აგრესიის პრევენციაც:
“დიდად ვაფასებთ ამერიკული მხარის მონაწილეობას ყველა დონეზე – არა მხოლოდ ომის დასრულებაზე მუშაობას, არამედ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და რუსეთის ახალი შემოჭრის თავიდან აცილებაზე. ეს წარმოაჩენს ამერიკის ზრახვების სერიოზულობასა და მის მკაფიოდ ფოკუსირებას შედეგების მიღწევაზე”.
უკრაინის პრეზიდენტი კვლავაც იმეორებს რუსეთის მიერ შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების დარღვევის ცუდ გამოცდილებას:
“უსაფრთხოების გარანტიები არის ყველა შემდგომი ნაბიჯის ყველაზე კრიტიკულ ელემენტებს შორის. უკვე გვაქვს უარყოფითი გამოცდილება ბუდაპეშტის მემორანდუმზე. ეს ყველას ახსოვს, ისევე როგორც რუსეთის მიერ ყველა სხვა ვალდებულების დარღვევის შემთხვევები.
ამიტომაც არის არსებითი, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტმა კონკრეტული პასუხები გასცეს იმას, რაც უკრაინელებს ყველაზე მეტად აწუხებთ: რას მოიმოქმედებენ პარტნიორები, თუკი რუსეთი გადაწყვეტს, რომ კვლავ წამოიწყოს აგრესია”.
ფორუმი




