ზელენსკიმ ვიდეომიმართვით უპასუხა კრიტიკას, რომელიც მის მიერ წინააღმდეგობრივი კანონის მიღებას მოჰყვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ხვდებოდა. ამ უწყებებს შორის იყო უშიშროების სამსახური (СБУ), ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ), შსს, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო (НАЗК) და სხვ.
ზელენსკის თქმით, უწყებათა ხელმძღვანელმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც დიდი ხანია დაგროვილია და შეხვედრის ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ერთად შეიმუშავებენ გეგმას, როგორ გააძლიერონ ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა უკრაინაში.
“ჩვენ გავაანალიზეთ ყველა წუხილი, ყველა ასპექტი იმისა, თუ რა არის შესაცვლელი და რა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ საქმიანობა.
მე წარვუდგენ უკრაინის უმაღლეს რადას კანონპროექტს, რომელიც იქნება პასუხი ამ გამოწვევებზე და გააძლიერებს სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ სისტემებს. სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში არ იქნება რუსული გავლენა ან რაიმე სახის ჩარევა. რაც ყველაზე მთავარია, შევინარჩნებთ ყველა იმ ნორმას, რომელიც ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
მე სამართალდამცავი და ანტიკორუფციული სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან, უკრაინის გენერალური პროკურორის ჩათვლით, ველოდები კონკრეტულ წინადადებებს იმ მუხლებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს. ეს იქნება პრეზიდენტის სახელით წარდგენილი კანონპროექტი და ჩვენ მას გავატარებთ სახელმწიფოს გარდაქმნის სტრატეგიის ფარგლებში”, – განაცხადა ზელენსკიმ.
23 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა წინააღმდეგობრივ კანონს, რომელიც ზღუდავს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) დამოუკიდებლობას და მათ უქვემდებარებს გენერალურ პროკურორს.
რადის მიერ კანონპროექტის მიღებას, პირველად 3-წლიანი ომის განმავლობაში, მოჰყვა მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ პრეზიდენტს კანონპროექტისთვის ვეტო დაედო, თუმცა გვიან ღამით მან დოკუმენტს ხელი მოაწერა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას დასავლეთის კრიტიკა მოჰყვა.
