უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან მალევე ბელარუსის მმართველმა ლუკაშენკამ თავისი ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული რაკეტებით დარტყმის გამო ბოდიში მოუხადა და პასუხად შესთავაზა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა.
ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორ-სამ დღეში ლუკაშენკასთან გამართული სატელეფონო საუბარი გაიხსენა ამერიკელი ინტერვიუერის, ლექს ფრიდმანის პოდკასტში, რომელსაც 5 იანვარს სამსაათიანი ინტერვიუ მისცა.
ზელენსკის თანახმად, ლუკაშენკამ უთხრა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან რაკეტები პუტინმა ისროლა, თავად კი ვერაფერს აკონტროლებს.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ლუკაშენკას უპასუხა, რომ ისიც მკვლელია და მაშინ, როცა უკრაინას და ბელარუსს ერთმანეთთან არასდროს უომიათ, როგორ დაუშვა თავისი მიწიდან უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა.
ზელენსკის მტკიცებით, ლუკაშენკამ შესთავაზა, რომ პასუხად დაერტყათ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოზირის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის. „მე მას ვუთხარი, რაზე ლაპარაკობ, რა პასუხი?“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი ინფორმაციით, ლუკაშენკასთან ამ სატელეფონო საუბრის მოწმეებიც ჰყავს.
2022 წლის თებერვლის ბოლოდან, უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ძალების ფართომასშტაბიან შეჭრასთან ერთად, რუსეთმა უკრაინაზე, მათ შორის დედაქალქ კიევზე სარაკეტო შეტევა დაიწყო ბელარუსის ტერიტორიიდანაც.
ამის გამო უკრაინული საზოგადოების ნაწილი მოითხოვდა, რომ კიევს მინსკთან დიპლომატიური ურთიერთობები შეეწყვიტა.