უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა. უცხოელი ლიდერებისთვის ეს იშვიათად ხდება. მინისტრთა კაბინეტის სხდომას ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უძღვებოდა და მან ხაზი გაუსვა ლონდონის მხარდაჭერას კიევისთვის.
ბრიტანეთმა, ბლენჰეიმის სასახლეში ევროპელი ლიდერების ფორუმს უმასპინძლა. ბოლო უცხოელი ლიდერი, რომელიც ბრიტანეთის კაბინეტის სხდომას დაესწრო, ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი იყო 1997 წელს.
ზელენსკიმ კვლავ მოუწოდა დასავლელ მოკავშირეებს, მისცენ კიევს რუსეთის შიგნით იერიშების მიტანის უფლება. ბრიტანეთმა უნდა დაარწმუნოს თავისი პარტნიორები, მოხსნან მათი გამოყენების თაობაზე დაწესებული შეზღუდვები.
“გთხოვთ დაარწმუნოთ სხვა პარტნიორები, რომ მოხსნან შეზღუდვები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ნატოს წევრებს განსხვავებული მიდგომები აქვთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია უკრაინას გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული იარაღი. ზოგი ფიქრობს, რომ კიევს შეუძლია გამოიყენოს ისინი რუსეთის შიგნით სამიზნეებზე დასარტყმელად. შეერთებული შტატები ამ პოზიციას არ იზიარებს და შეზღუდულად აძლევს კიევს უფლებას მისი მიწოდებული იარაღი გამოიყენოს.
სტარმერმა, რომელიც ზელენსკის ცალკე 35 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა, უკრაეინელ ლიდერს უთხრა, რომ ბრიტანეთი უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას დააჩქარებს.
„უკრაინა არის და ყოველთვის იქნება ამ მთავრობის დღის წესრიგის ცენტრში და ამიტომ, მხოლოდ მართებული იქნება, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისტორიულად მიმართოს ჩემს კაბინეტს“, – თქვა სტარმერმა შეხვედრის დაწყებამდე განცხადებაში.
ბრიტანეთი 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია და სტარმერმა დაადასტურა ლონდონის ერთგულება კიევის მიმართ ამ თვის დასაწყისში არჩევნების მოგების შემდეგ.
მან ხუთშაბათს თქვა, რომ ბრიტანეთი იმუშავებს ახალ გეგმაზე, რათა შეეცადოს ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობებს, აირიდოს საზღვაო სანქციები. ხუთშაბათს ბრიტანეთმა სანქციები გამოაცხადა 11 გემზე, რომლებიც გამოიყენებოდა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.