ზელენსკი ბრიუსელში უკრაინის უსაფრთხოების შესახებ სამ შეთანხმებას გააფორმებს

უკრაინის პრეზიდენტი, ბრიუსელში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს სხდომაში და უსაფრთხოების შესახებ სამ შეთანხმებას მოაწერს ხელს, მათგან ერთ-ერთს ევროკავშირთან.
როგორც ზელენსკი X-ზე წერს, ის ბრიუსელში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება და მათთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს სამ უსაფრთხოების შეთანხმებაზე, რომელთაგან ერთ-ერთი ევროკავშირთან გაფორმდება.
“პირველად, ეს შეთანხმება განამტკიცებს 27-ვე წევრი ქვეყნის ვალდებულებას, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა, ნებისმიერი შიდა ინსტიტუციური ცვლილების მიუხედავად. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ გვაახლოებს მშვიდობისა და კეთილდღეობის ისტორიულ მიზანთან, ჩვენს საერთო ევროპულ სახლში”. – წერს ზელენსკი.
ევროკავშირთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის აპირებს ევროპელ ლიდერებს ერთიანობისთვის და უკრაინის ევროპული კურსის შეუქცევადობის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადოს.