“ეს არის სწორი გადაწყვეტილება” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 ივლისს ანტიკორუფციული ორგანოების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი ახალი კანონის ხელმოწერისთანავე. მან მადლობა გადაუხადა რადის წევრებს:
“ეს არის ანტიკორუფციული სახელმწიფო უწყებებისა და ყველა სამართალდამცავი უწყების სათანადოდ დამოუკიდებლად ფუნქციონირების გარანტია. ეს არის სწორი გადაწყვეტილება. 331-მა დეპუტატმა დაუჭირა მას მხარი. ის სწორედ ისეთი სახით გავიდა, როგორც საჭირო იყო – როგორც პირველი მოსმენით, ისე მთლიანობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსმენდეს საზოგადოების აზრს. უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა – ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მთავრობის წარმომადგენლები ასევე სწრაფად მიაწვდიან კანონის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს”.
უკრაინის პარლამენტის წევრებმა 31 ივლისს ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ ახალი კანონპროექტს, რისი შედეგიც არის ის, რომ ანტიკორუფციული უწყებების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა საკანონმდებლო დონეზე აღდგა.
გამოცემა “პოლიტიკო” ხაზს უსვამს, რომ ერთი კვირის წინ იგივე დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი კანონპროექტს, რომლითაც ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და პროკურატურის სპეციალური ანტიკორუფციული ოფისი (SAP) პოლიტიკური ნიშნით დანიშნულ გენერალურ პროკურორს დაუქვემდებარეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის რადის არაერთი მოქმედი წევრი არის NABU-ს მიერ წარმოებული გამოძიებების სამიზნე. უწყებამ 71 მოქმედ და ყოფილ დეპუტატს დასდო ბრალი კორუფციულ დანაშაულში, მათგან 42-ს – 2022-2025 წლებში. ბრალდებულთაგან 31 დეპუტატი კვლავაც უკრაინის პარლამენტშია და წინამორბედი კანონის მხარდამჭერთაგან ბევრმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა NABU-სა და SAP-ის დამოუკიდებლობის საფრთხის ქვეშ დაყენებით. უკრაინის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ამჟამად უკრაინის რადის წევრმა იულია ტიმოშენკომ კი ხუთშაბათის სხდომაზე გასული კვირის გადაწყვეტილება დაიცვა:
“ეს კანონი, რომელიც პრეზიდენტმა უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ წარმოადგინა, NABU-სა და SAP-ს არ ეხება, არც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. NABU და SAP უკრაინის მთავრობაზე გარედან პოლიტიკური ზეწოლის ორგანოებია. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც შეიძლება იმართებოდეს უცხოური ხელისუფლებების მიერ, როგორც ძაღლი საბელზე“.
22 ივლისს, ვერხოვნა რადამ ხმათა უმრავლესობით მიიღო ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციულ პროკურატურის დამოუკიდებლობის შემზღუდავი კანონპროექტი, რომლის თანახმად, ეს ანტიკორუფციული ორგანოები ფაქტობრივად, გენერალურ პროკურორს დაუქვემდებარა. კანონპროექტს მალევე მოაწერა ხელი უკრაინის პრეზიდენტმა. გადაწყვეტილებას მოჰყვა პროტესტი უკრაინაში და საერთაშორისო პარტნიორების მკვეთრი უკმაყოფილება. ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ, რამდენიმე დღეში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააინიციირა ახალი კანონპროექტი, რომელსაც 31 ივლისს რადამ მხარი დაუჭირა და პრეზიდენტმა ზელენსკიმაც დაუყოვნებლივ მოაწერა ხელი.
ფორუმი
