უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა წინააღმდეგობრივ კანონს, რომელიც ზღუდავს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) დამოუკიდებლობას და მათ გენერალურ პროკურორს აქვემდებარებს.
რადის მიერ კანონპროექტის მიღებას, პირველად 3-წლიანი ომის განმავლობაში, მოჰყვა მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ პრეზიდენტს კანონპროექტისთვის ვეტო დაედო, თუმცა გვიან ღამით მან დოკუმენტს ხელი მოაწერა.
დაგვიანებულ ღამის მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა იმუშავებს, ოღონდ რუსეთის გავლენის გარეშე.
„რა თქმა უნდა, НАБУ და САП გააგრძელებენ მუშაობას. და მნიშვნელოვანია, რომ გენერალურ პროკურორს რეალურად აქვს განწყობა იმისთვის, რომ უკრაინაში უზრუნველყოფილი იყოს დაუსჯელობაზე უარის თქმა მათთვის, ვინც არღვევს კანონს. ეს ის არის, რაც უკრაინას ნამდვილად სჭირდება. საქმეები, რომლებიც თაროზე იდო, უნდა იყოს გამოძიებული. და კიდევ — არ უნდა იყოს არანაირი ფეიკები და საინფორმაციო მანიპულაციები,“ — განაცხადა ზელენსკიმ.
ანტიკორუფციული ორგანოების შემზღუდავი კანონის მიღებას წინ უძღოდა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკრაინის სხვადასხვა რეგიონში НАБУ-ს თანამშრომლების ჩხრეკა. ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ღალატი, რუსეთთან უკანონო ვაჭრობა და კორუფცია ოლიგარქების ინტერესების გასატარებლად.
მაგალითად, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში НАБУ-ის დეტექტივების განყოფილების ხელმძღვანელი რუსლან მაგამედრასულოვი დააკავეს „დაღესტანში სამრეწველო კანაფის გაყიდვაში შუამავლობისთვის“, რომელიც, სავარაუდოდ, უკანონოდ მოჰყავდა მის მამას. გამოძიების თანახმად, მაგამედრასულოვ უფროსს რუსეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა მისმა შვილმა ეს ფაქტი დამალა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ინფორმაციის მიღების ნებართვის გაფორმებისას.
უკრაინული მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია სწორედ მაშინ უნდა გამხდარიყო ცნობილი, როდესაც რუსლან მაგამედრასულოვი თანამდებობაზე ინიშნებოდა — უსაფრთხოების შემოწმების შედეგად. ასევე გაირკვა, რომ მაგამედრასულოვის დედა პენსიას ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან იღებს.
გამოძიების მიხედვით, თანამდებობის პირს ჰქონდა კავშირი აკრძალული პრორუსული პარტიის მოქმედ დეპუტატ ფედორ ხრისტენკოსთან, რომელიც მჭიდრო კავშირშია რუსეთის სპეცსამსახურებთან, უკვე გაქცეულია უკრაინიდან და ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. საქმის მასალების თანახმად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ხრისტენკო იანუკოვიჩის ეპოქაში დაიქირავა.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ხრისტენკო პასუხისმგებელია უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროზე გავლენის გაძლიერებაზე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში ხრისტენკო თავს აიგივებს НАБУ-სთან და უცნობ თანამოსაუბრეს უყვება ბიუროს თანამშრომლების დახმარებით პრობლემების წარმატებით მოგვარების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გენადი ბოგოლიუბოვის, ოლიგარქის, საზღვარგარეთ წასვლას უკავშირდება.
ამავდროულად, სახელმწიფო გამოძიების ბიურო გააქტიურდა რამდენიმე წლის წინ მომხდარი საგზაო შემთხვევების გამოძიებაზე, რომლებშიც НАБУ-ს თანამშრომლები იყვნენ ჩართული.
პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა ამოწმებდნენ სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვის მდგომარეობას სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაში. შემოწმება შეეხო НАБУ-ის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებებზე, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე.
„ქვეყნის თითქმის ყველა სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი თავდასხმა ორ კომპონენტად უნდა განვიხილოთ: ბიუროდან საეჭვო პირების გაწმენდის რეალურ მცდელობად და ამ საბაბით ანტიკორუფციული ბლოკის წინააღმდეგ მასშტაბური დისკრედიტაციის ოპერაციის სურვილად,“ — წერს უკრაინული პრავდა.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმამ, სერიოზული შეშფოთება გამოხატა ანტიკორუფციული სტრუქტურების შემზღუდავი კანონის მიღებასთან დაკავშირებით.
„ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის დამცველი ძირითადი მექანიზმების მოშლა სერიოზული უკუსვლა იქნება. დამოუკიდებელი ორგანოები, როგორიცაა NABU და SAPO, აუცილებელია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კანონის უზენაესობა კვლავაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრში რჩება“, — დაწერა კოსმა.
მოგვიანებით ევროკომისარმა თქვა, რომ გულწრფელი დისკუსია ჰქონდა უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან და მის მოადგილესთან. გაიმეორა შეშფოთება კანონის უზენაესობის სფეროში ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და თქვა, რომ ევროკავშირის გააგრძელებს უკრაინასთან თანამშრომლობას კანონის უზენაესობის აუცილებელ რეფორმებსა და ევროკავშირის გზაზე პროგრესზე.
Frank discussion with @Svyrydenko_Y and @taraskachka. Expressed serious concerns over the latest Rule of Law developments, especially changes adopted to the law on NABU & SAPO. We’ll continue working with Ukraine on the necessary rule of law reforms & progress on its EU path. https://t.co/UVtTAbEzsz — Marta Kos (@MartaKosEU) July 22, 2025
„ცუდი დღეა უკრაინისთვის. ეს არ ეხება მხოლოდ НАБУ-ს ან САП-ს. ეს ეხება ადამიანების სურვილს, იცხოვრონ სამართლიან ქვეყანაში. როცა 24 საათში სპექტაკლს დგამენ და ყველას უნდა „გადაყლაპოს“ ეს, ეს არ არის სამართლიანობა. მე მესმის, რომ ხელისუფლებაში ბევრისთვის ღირსების რევოლუცია მხოლოდ ყოველწლიური პოსტია სოციალურ ქსელებში. მაგრამ მილიონობით ადამიანისთვის ეს იყო მსხვერპლი სამართლიანობისთვის. და ამას ვერ გაანულებ ვერც კენჭისყრით და ვერც სწრაფი ხელმოწერებით. პრეზიდენტს ახლა აქვს არჩევანი — დადგეს ხალხის მხარეს, ან არ დადგეს“, — დაწერა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ აქციები „კანონის ფარგლებში“ მისაღებია. სამართალდამცველებმა ცნობით, ისინი იმოქმედებდნენ აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც ღამის კომენდანტის საათის განმავლობაშიც დარჩნენ ქუჩაში.
