უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეკონომიკური და სხვა სახის სანქციები დაუწესა ბიზნესმენებს, ტიმურ მინდიჩს და ოლექსანდრ ცუკერმანს. ისინი უკრაინის გარდა ისრაელის მოქალაქეები არიან.
ტიმურ მინდიჩი, რომელსაც უკრაინული მედია ზელენსკის მეგობრად მოიხსენიებს, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანახმად, ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციული გარიგებების მიზნით მოქმედ დანაშაულებრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. კორუფციული სქემის მონაწილედ დასახელებულია ოლქსანდრ ცუკერმანიც.
ტიმურ მინდიჩი თანამფლობელია სტუდია „კვარტალი 95“-ის, რომლის დამფუძნებლებს შორის თავის დროზე იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა მინდიჩმა უკრაინა 10 ნოემბერს დატოვა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ენერგეტიკის სფეროში კორუფციული სქემის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე. უკრაინაში არც ოლექსანდ ცუკერმანი იმყოფება.
პრეზიდენტ ზელენსკის მიერ დღეს, 13 ნოემბერს გამოცემული ბრძანებით, ისრაელის მოქალაქეების, მინდიჩისა და ცუკერმანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს სახელმწიფო და სხვა ჯილდოების ჩამორთმევას, აქტივების დაბლოკვას, უკრაინის ტერიტორიაზე საკუთრების შეძენის, სავაჭრო ოპერაციების, რესურსების ტრანზიტისა და ფრენის აკრძალვას, უკრაინიდან მათი კაპიტალის გატანის აღვეთას და ა.შ.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია და მასში ჩართული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღება, რაც შეადგენდა კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ს.
გამოძიების თანახმად, „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისთვის თავსმოხვეული პირობებით, მათ უნდა გადაეხადათ ე.წ. ოტკატი, რათა თავიდან აეცილებინათ უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაბლოკვა და არ დაეკარგათ მიმწოდებლის სტატუსი. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის შიგნით ამ პრაქტიკას „შლაგბაუმი“ ეწოდა.
ამ ეტაპზე ბრალდებულია რვა პირი. ხუთ მათგანს სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
12 ნოემბერს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ პარლამენტს, ვერხოვნა რადას წარუდგინა მიმართვა თანამდებობებიდან იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრების, გერმან გალუშჩენკოს და სვეტლანა გრინჩუკის გათავისუფლების შესახებ.
ეს გადაწყვეტილებაც უკავშირდება უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში გამოვლენილ მასშტაბურ კორუფციას.
გალუშჩენკო, რომელიც იუსტიციის მინისტრად 2025 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე ენერგეტიკის მინისტრი იყო და ის ამ თანამდებობაზე გრინჩუკმა შეცვალა.
უკრაინაში არსებული კორუფციაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც კიევისგან წლებია მოითხოვენ დასავლელი პარტნიორები. მოთხოვნის შესრულება კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.
2025 წლის ზაფხულში უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის შემზღუდავი კანონის მიღებას. ამის გამო უკრაინაში საპროტესტო გამოსვლებიც დაიწყო. ხელისუფლება იძულებული გახდა ახალი კანონი გაეუქმებინა.




