ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა მოახსენა ამერიკულ მხარესთან მორიგი კონტაქტების შესახებ.
„არცერთ დღეს არ ვკარგავთ. შევთანხმდით უმაღლესი დონის შეხვედრაზე პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს ხანში. ბევრი რამ შესაძლოა, ახალ წლამდე გადაწყდეს“, – დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფეისბუკის, ტელეგრამის და X-ის ოფიციალურ გვერდებზე.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უკრაინულ მხარეს ხელმძღვანელობს შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმაზე ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებში.
25 დეკემბერს პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, რომელიც მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული, ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
24 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა საჯაროდ პირველად ილაპარაკა ომის დასრულების გეგმის 20-ვე პუნქტზე.
ყველაზე რთული ტერიტორიის საკითხია. უკრაინა მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ამჟამინდელი საბრძოლო მოქმედებების ფაქტობრივ ხაზზე, რუსეთი კი – დონეცკის ოლქიდან უკრაინის ჯარების სრულად გაყვანას.
კომპრომისის სახით აშშ-ის წინადადებაა დონეცკის ოლქში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ამ წინადადებაზე უკრაინაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომლის მოსამზადებლად საჭიროა 60 დღე და ცეცხლის რეალურად შეწყვეტა.
ფორუმი




