ზეთი და პური გაიაფდა, ხილ-ბოსტნეული და ხორცი გაძვირდა, ინფლაცია 2.2%-ია – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 2.2% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 1.9%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი – 3.4%-ით. განათლება 3.8%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.5%-ით, ტრანსპორტი კი – 11%-ით.
საქსტატის ცნობითვე, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე შემცირდა – 3.8%-ით. ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 3.3%-ით გაიაფდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი – 2.2 %-ით, კავშირგაბმულობა 1.5%-ით, დასვენება-გართობა-კულტურა 0.7%-ით, ჯანდაცვა კი – 0.2%-ით.
საქსტატის მტკიცებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა ზეთსა
და ცხიმზე (-8.5%), პურსა და პურპროდუქტებზე (-3%), თევზეულზე (-1.9%).
ფასები გაზრდილია ხილსა და ყურძენზე (30.1%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (10.2%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.7%), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (2.5%), ყავა-ჩაი-კაკაოზე (2.4%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (1%).