რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, მარია ზახაროვას შეფასებით, დასავლეთი საქართველოს აშანტაჟებს და მის სუვერენიტეტში ერევა.
ზახაროვა ისევე, როგორც რუსეთის სხვა სპიკერები და პროპაგანდისტები (დიმიტრი პესკოვი, დიმიტრი მედვედევი, ვიაჩესლავ ვოლოდინი, ალექსანდრე დუგინი, ანდრეი ლუგავოი), რუსული კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას სრულ თანხვედრაში არიან „ქართული ოცნების“ რიტორიკასთან.
როგორც მარია ზახაროვამ თქვა, ეროვნული თვითმყოფადობა და სიამაყე არ არის სავაჭრო საქონელი და თითოეულმა ქვეყანამ, საკუთარი ისტორიის, სამომავლო გეგმების, კულტურის, ფილოსოფიის, იდეოლოგიის, პოლიტიკის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს, სუვერენული სახელმწიფოა თუ მზადაა საკუთარი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დელეგირებაზე.
„რასაც ახლა ვუყურებთ, არის მორიგი ფაქტი აშშ-ის ცინიკური და უცერემონიო ჩარევისა სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში. ახლა ვაშინგტონში არ მოეწონათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ქართული კანონი. შემდეგ რა იქნება? კიდევ რომელი კანონი არ მოეწონება ვაშინგტონს? თუ ახლა თბილისი და ქართველი ხალხი დაემორჩილება ამ შანტაჟს, აჩვენებენ, რომ მათ ყველაფერი შეიძლება გაუკეთო“, — განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, იგივე მოხდა უკრაინასთან დაკავშირებით — როგორც უკრაინამ აჩვენა რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც არეგულირებს უკრაინის შიდა ცხოვრებას, შეიძლება ამერიკული ფულით განხორციელდეს, დასავლეთში ყველა მიხვდა, რომ ამ ქვეყანასთან ყველაფერი გაუვათ.
„რაც გააკეთეს კიდეც — ახლა არ არსებობს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. ყველაფერი გათელილია კოლექტიური დასავლეთის მიერ შეერთებული შტატების მეთაურობით. შეხედეთ აშშ-ის განცხადებას — რადგან თბილისი არ ემორჩილება ვაშინგტონის ზეწოლას, საქართველო მაშინვე დაადანაშაულეს დემოკრატიის გზიდან გადახვევაში. მაშინვე თქვეს, რომ საჭიროა დასჯა. ახლა შეერთებული შტატები და მოკავშირეები საქართველოს ემუქრებიან პერსონალური სანქციებით, ევროატლანტიკური პერსპექტივის დაბლოკვით, უვიზო რეჟიმის შეჩერებით, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევით. და ეს მხოლოდ ერთი კანონია იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ყველა თანხა უნდა იყოს დეკლარირებული, თუ ისინი შიდაპოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ისახავს მიზნად“, — განაცხადა ზახაროვამ.
მან თქვა, რომ ასეთი კანონი გადაღებულია თავად ამერიკიდან და 60 ქვეყანაში მოქმედებს.
სინამდვილეში, ქართული კანონი, განსხვავებით Fara-სგან და დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკისგან, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყს აკრავს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს მხოლოდ 20%-იანი დაფინანსების ნიშნით, განურჩევლად მათი საქმიანობის შინაარსისა.
ზახაროვასავე შეფასებით, დამამცირებელია, რასაც დასავლეთი საქართველოს პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ სთავაზობს.
„მოსყიდვა უნდათ? არ იციან, ვისთან აქვთ საქმე? ეს არის კოლონიალური პრაქტიკა, დააშინონ, გატეხონ და მოატყუონ. განსხვავებით დასავლეთისგან, მუქარა და შანტაჟი ჩვენი მეთოდი არ არის“, – თქვა ზახაროვამ და დასძინა, რომ რუსეთი, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, აქცენტს სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე აკეთებს.
ზახაროვას მტკიცებით, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის „პროვოკაციული მოვლენების“ უკანაც აშშ იდგა. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
2008 წლის ომში რუსეთის ნაცვლად არარსებული გლობალური ომის პარტია დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ საპარტიო თავმჯდომარე იძინა ივანიშვილმა: „მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს“, — თქვა მან 29 აპრილის გამოსვლაში.
საქართველოს პარლამენტმა მასობრივი შიდა პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად მიიღო კანონი, რომელიც გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
მსგავსი კანონი რუსეთის ხელისუფლების ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად, რის შედეგადაც ამჟამად რუსეთიდან გამქრალია დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები, გარდა ამისა, ის გამოიყენება ფიზიკური პირების შესაზღუდად და მათზე ზეწოლისთვის.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი დაუწესებენ საქნციებს კანონის მხარდამჭერ პირებსა და მათ ოჯახებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ძალადობენ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე.
დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ამ კანონის მიღება საბოლოოდ დახურავს ევროპული მომავლის კარს საქართველოსთვის, რადგან „მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპაში არ არის“.
საქართველოს პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას საკმარისი ხმები აქვთ ვეტოს დასაძლევად.