ბეთანიაში სათხილამურო კურორტის მოწყობას პირველ ეტაპზე სავარაუდოდ 15-20 მლნ ლარი დასჭირდება – ამის შესახებ BM.GE-თან თბილისის ვიცე მერი გიორგი ტყემალაძე აცხადებს. მისი თქმით, ზაფხულში უკვე მზად იქნება კურორტის კონცეფცია, რომელზეც მუშაობა კურორტების განვითარების სააგენტოსთან ერთად მიმდინარეობს და ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების განხორციელებაზე. ტყემალაძე არ გამორიცხავს პროცესებში კერძო სექტორის ჩართვასაც, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაოების ძირითადი განმახორციელებელი მუნიციპალიტეტია.
“ამ მიმართულებით ბაზრის კვლევებს ვაწარმოებთ, ვმუშაობთ კონცეფციებზე, მთის კურორტების განვითარების სააგენტოსთან. უახლოეს პერიოდში. ზაფხულისთვის, გვექნება უკვე ის კონცეფცია შემუშავებული, რომლის მიხედვითაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამუშაოებზე, დეტალურ პროექტირებაზე.
როგორც იცით, არის გარკვეულ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებები, პარალელურად ვმუშაობთ კერძო მესაკუთრეებთან, რათა მოხდეს გარკვეული ადგილმონაცვლეობები. არის საკმაოდ აქტიური სამუშაო პროცესი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომავალ წელს უკვე ჩვენს თანამოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ მნიშვნელოვანი სივრცით, კურორტით ქალაქში.
ჩვენ გვინდა, რომ კურორტმა იმუშაოს ყველა სეზონზე, არ იყოს მხოლოდ ზამთრის პერიოდზე განსაზღვრული და ამ პრინციპით ვახორციელებთ კონცეფციის დამუშავებას. რა თქმა უნდა, მთავარი რაც არის, ეს იქნება 500 მეტრიანი სასრიალო ტრასა და ადგილზე მოეწყობა ყველა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს კურორტის გამართულ ფუნქციონირებას.
პირველი ეტაპი 15-20 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება განსაზღვრული. თუმცა, ეს ციფრები შეიძლება ამ ეტაპისთვის არ იყოს ზუსტი, გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი ეტაპები გვაქვს წინ, რომელიც განსაზღვრავს უკვე დეტალურად თანხების ოდენობას,”- ამბობს გიორგი ტყემალაძე.




