„ფაქტია, ტრამპს უჭირს [„დიფ სთეითთან“ ბრძოლა]. თავიდან დიდი შემართებით დაიწყო, ძალიან მოტივირებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში, თითქოს ცოტა შეფერხდა.
არ ვიცი, ეს რეალური ბრძოლა არის, თუ უბრალოდ მიდის რებრენდინგი, ამას ვნახავთ უახლოეს მომავალში. […]
კარგად დაიწყო, მაგრამ რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები… ჩემთვის კითხვები არსებობს“, – ამბობს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, ირაკლი ზარქუა „ტვ პირველთან“ კომენტარში.
დღეს პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა „ქართული ოცნების” პროპაგანდისტის, ზაზა შათირიშვილის წერილი, რომლითაც მან დონალდ ტრამპს მიმართა და უკმაყოფილება გამოხატა „დიფ სთეითთან მის ბრძოლასთან“ დაკავშირებით.
„დიფ სთეითი“ კონსპირაციაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ანტიდასავლური კამპანიისთვის იყენებს. კონსპირაციის თანახმად, „დიფ სთეითი“ არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებულ ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად.
ადრე „ოცნების“ წევრები ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითს“ დაამარცხებდა. თუმცა, მოგვიანებით რიტორიკა შეცვალეს.




