რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, – ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სახლები, მაღაზია და ბაზარი.
ფედოროვის ინფორმაციით, დღის განმავლობაში რუსებმა ზაპოროჟიეს რეგიონის დასახლებულ პუნქტებზე 387 დარტყმა განახორციელეს. რუსეთის არმიამ ხუთი საჰაერო დარტყმა განახორციელა ზაპოროჟიეზე, მაგდალინოვკაზე, ლუკიანივსკეზე, ჰულიაიპოლესა და ტერნოვატიზე.
ამასთან, მისი თქმით, რუსებმა 171 საარტილერიო დარტყმა განახორციელეს სტეფნოგორსკზე, პრიმორსკოეში, სტეპნოეზე, ჰულიაიპოლზე, ნოვოანდრიევკაზე, ნოვოდანილოვკაზე, მალაია ტოკმაჩკაზე, ჩარივნეზე, იაბლოჩნოეზე და ვარვაროვკაზე.
რუსებმა წუხელ ოდესასაც შეუტია. საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ქალაქს დრონებით დაესხნენ თავს და აქტიური საჰაერო თავდაცვის ოპერაციების მიუხედავად, დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობის ქონება.
კიპერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.




