ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი, რომელიც ხვალ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უნდა ეწვიოს, აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია მყიფეა და კატასტროფის რისკი კვლავ არსებობს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის სხვა ოფიციალურ პირებთან კიევში შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების გარდა, კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე სიტუაციაც განიხილეს.
„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია ძალიან მყიფეა. ზოგჯერ არის გარკვეული სტაბილურობა, თუმცა შემდეგ ახალი პრობლემა წარმოიქმნება. დრონის დარტყმა ან, როგორც დღეს, ორი არსებული ელექტროხაზიდან ერთ-ერთის გამორთვა ნიშნავს, რომ სადგური კვლავ ელექტროენერგიის გათიშვის ზღვარზეა. ელექტროენერგიის გათიშვა ნიშნავს, რომ ვერ მოხდება გაგრილება, ამან კი, შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს“, – განაცხადა გროსიმ.
რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სადგურში ელექტრომომარაგების ხაზი ავტომატურად გამოირთო. უკრაინაში კი განაცხადეს, რომ ის რუსულმა თავდასხმებმა დააზიანა.
გასულ კვირას რაფაელ გროსი კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებოდა.