საშინაო და საგარეო პოლიტიკაში როგორი შედეგებით ხვდება საქართველო 2025 წელს და ამ შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
– ბატონო ზაზა, იმის გამო, რომ 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნებისა“ და მხოლოდ ამ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერების მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგა, საუბარი საშინაო პოლიტიკით უნდა დავიწყოთ.
შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, ფაქტია, რომ დამდეგ ახალ 2025 წელს საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისით ისე არეულ-დარეული 1991 წლის შემდეგ, ანუ, როცა თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა არ შეხვედრია. ვგულისხმობ იმას, რომ ვინც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ასევე იმას არ ეთანხმება, როგორც ეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა – „საქართველო 2028 წლამდე არ დააყენებს ევროკავშირის წინაშე საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს დღის წესრიგში“, თვეზე მეტია რუსთაველზე საპროტესტო აქციებს მართავენ.
„ქართული ოცნების“ ლიდერები არჩევნების შედეგად 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, ასევე მომიტინგეებს „უსამშობლოებად“, „აგენტებად“, „ლიბერალური ფაშისტებად“ მოიხსენიებენ.
ხელისუფლებამ მომიტინგე პროტესტანტთა წინააღმდეგ აშკარად არაპროპორციული ძალა გამოიყენა. დაზარალებულების რიცხვმა 400 გადააჭარბა. მათ მიმართ ძალის გამოყენების ფორმებმა და მასშტაბმა არათუ არასასიამოვნო განცდა დატოვა საზოგადოებაში, არამედ, ფაქტია, რომ პოლიციისადმი უნდობლობის ბზარიც გააჩინა.
მიუხედავად ამისა, მას შემდეგ რაც აშშ-მ შს მინისტრი გომელაური არა მარტო დაასანქცირა, არამედ „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა, პრემიერ ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ დაპირება რომ გომელაური და სხვა პოლიციის მაღალჩინოსნებს პრეზიდენტი ყაველაშვილი გორგასლისა თუ ღირსების ორდენებით დაჯილდოვდებოდნენ. მეტიც, შს მინისტრი გომელაური ვიცე -პრემიერად იქნა დანიშნული. ფაქტია ისიც, რომ ქვეყანამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე გაიარა. ის რომ აქციებზე დაკავებულების ცემა-ტყეებისას არავინ გარდაცვლილა, შეიძლება ითქვას, უფლის წყალობით, გაგვიმართლა. ამისთვის რომ სამართალდამცავებს არ უზრუნიათ, ცხადზე უცხადესი.
საშინაო პოლიტიკაში რა შედეგებით ხვდება საქართველო ახალ 2025 წელს?
– ახალს ვერაფერს ვიტყვი. საშინაო პოლიტიკის შედეგები მასში მონაწილე ყველა მხარისათვის საკმაოდ რთულია და მძიმეც კი. თუ ათწლეულების განმავლობაში ყოველთვის ვხედავდი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის შესაძლებლობის რაღაც სივრცეს, ჩვენს დროში ეს სივრცე მინიმუმამდე დავიდა იმ ტოტალური უნდობლობის გამო, რომელიც ხელისუფლების მიმართაა.
თანაც, ამ უკანასკნელს საქმე აქვს არა ცალკეულ პოლიტიკურ ძალებთან, ვისთანაც ურთიერთობის ამა თუ იმ სახით მოგვარება ჯერ კიდევ შეეძლო, ამჟამად საქმე აქვს ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილთან, რომლისთვისაც უცხოა პოლიტიკოსების მიმდინარე პრაგმატული ინტერესები და ქვეყნის სტრატეგიული განვითარების კატეგორიებში აღიქვამს მოვლენებს. „ოცნების“ ლიდერებს სურთ, რომ მათი ოპონენტი საზოგადოება ვიღაცის მიერ მართულ ბრბოდ აღიქვან და ვერ ხედავენ, რომ საზოგადოებაში, თურმე, თავისუფალი ადამიანების კოლექტიური გონი დაიბადა და ამუშავდა.
„ოცნების“ ლიდერებს სურთ, რომ მათი ოპონენტი საზოგადოება ვიღაცის მიერ მართულ ბრბოდ აღიქვან და ვერ ხედავენ, რომ საზოგადოებაში, თურმე, თავისუფალი ადამიანების კოლექტიური გონი დაიბადა და ამუშავდა
ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ქართული საზოგადოება საბოლოოდ ჩამოყალიბდა პოლიტიკის იმ მთავარ სუბიექტად, რომელსაც ერთნაირად ეჭვიანი დამოკიდებულება აქვს მთელი პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ამით ჩვენ ზედმიწევნით ევროპული ხალხი აღმოვჩნდით.
თუ ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლება და ოპოზიცია ძირითადად ერთმანეთთან მიმართებაში დგინდებოდნენ, ხოლო საზოგადოება რჩებოდა ერთგვარ მასად, რომელიც ოსტატური პრ ხერხებით შეიძლებოდა ემართათ, დღევანდელმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ეს პარადიგმა უკან იხევს და საზოგადოებამ პოლიტიკური სპექტრისაგან საკმარისი ავტონომიურობა შეიძინა.
უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ასპარეზზე გამოვიდა თავისუფალ ქვეყანაში გაზრდილი თავისუფალი თაობა, რომლისთვისაც უცხოა უფროსი თაობისათვის ჩვეული პირობითობები: სიცრუესთან შეგუება, რადგან „ახლა ასეა საჭირო“, ყოვლისშემძლე ლიდერის გაჩენის მოლოდინი და ასე შემდეგ – ყველაფერი ის, რაც ერთსა და იმავე წრეზე გვაბრუნებდა ათწლეულების განმავლობაში.
ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ქართული საზოგადოება საბოლოოდ ჩამოყალიბდა პოლიტიკის იმ მთავარ სუბიექტად, რომელსაც ერთნაირად ეჭვიანი დამოკიდებულება აქვს მთელი პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ამით ჩვენ ზედმიწევნით ევროპული ხალხი აღმოვჩნდით
მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა, ყველაფერი ეს თავს იჩენს და ამიტომაც ამბობენ ასე ხშირად, რომ დღეს ახალი საქართველო იბადება. მთავარია, ისტორიულმა ბედმა მას დაბადების საშუალება მისცეს.
„ოცნება“ დღეს ისაა, რაც ივანიშვილის უარყოფითი საკადრო სელექციის შედეგად მივიღეთ. ეს სელექცია უფრო შორსაც მიდის. ხელისუფლება ცდილობს, თავისი დაქირავებული პროპაგანდისტების მეშვეობით საზოგადოებაც დაიმსგავსოს. პროპაგანდისა და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მექანიზმები დღეს მთელი სისრულით ამუშავდა, თუმცა, მათი „მოღვაწეობის“ შედეგები აშკარად ვერ არის ისეთი, როგორსაც ოცნების ლიდერები ინატრებდნენ.
თავისუფლება ისეთი რამაა, რასაც მხოლოდ სტალინური მასშტაბის რეპრესიებით თუ ჩაახშობ და ისიც დროებით. მითებით „გლობალური ომის პარტიის,“ „სუვერინეტეტის დაცვისა“ და სხვათა შესახებ, სოციალური ინჟინერიით, როდესაც ლოიალურებს ხშირად საგანგებოდ გამოგონილი სამსახურებით და ფულის გაკეთების შესაძლებლობებით უზრუნველყოფ, მას ვერაფერს მოუხერხებ. შენ შეიძლება დაიმსგავსო საზოგადოების რაღაც ნაწილი, მაგრამ მთელს საზოგადოებას ვერ დაიმსგავსებ, მითუმეტეს, როდესაც ეწინააღმდეგები იმ სასიცოცხლო იმპულსებს, რომლებმაც გაიღვიძეს.
თავისუფლება ისეთი რამაა, რასაც მხოლოდ სტალინური მასშტაბის რეპრესიებით ჩაახშობ და ისიც დროებით. მითებით „გლობალური ომის პარტიის,“ „სუვერენიტეტის დაცვისა“ და სხვათა შესახებ, სოციალური ინჟინერიით, როდესაც ლოიალურებს ხშირად საგანგებოდ გამოგონილი სამსახურებით და ფულის გაკეთების შესაძლებლობებით უზრუნველყოფ, მას ვერაფერს მოუხერხებ
ივანიშვილის მიერ ქვეყნის პრეზიდენტად წარდგენილი პირი ამ უარყოფითი სელექციის შედეგია. მან უკვე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს ისეთი ადამიანის პრეზიდენტობა, ვინც იმ მინიმალური დამოუკიდებლობის მატარებელია, ყველაფერზე დათანხმების უფლებას რომ არ აძლევს. ამიტომაცაა, რომ არა მხოლოდ მაღალ თანამდებობებზე მოხვედრის, არამედ, უბრალოდ, დასაქმების შანსი ეძლევათ იმ ადამიანებს, ვინც სულაც არ საჭიროებს რაიმე ზოგად ან სპეციალურ განათლებას და მორალურ და ფსიქოლოგიურ უნარებს. მთავარი ლოიალობაა. ხოლო ყველაზე შემთხვევითი ადამიანები რომ ყველაზე ლოიალურები არიან, ბევრ მტკიცებას არ საჭიროებს.
ივანიშვილის მიერ ქვეყნის პრეზიდენტად წარდგენილი პირი ამ უარყოფითი სელექციის შედეგია
ყველაფერ ამას ინსტიტუტების ნგრევა მოსდევს. ძალზე მტკივნეულია ის ზიანი, რომელიც პოლიციას მიადგა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში პოლიციამ თითქოს გადალახა საზოგადოებისგან გაუცხოება და ის „შინაურად“აღიქმებოდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენს თვალწინ ის პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად იქცა. საბანკო სისტემისა და სხვათა რღვევა ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
ივანიშვილი, როგორც ნებისმიერი სხვა რიგითი ავტორიტარი, ცდილობს საზოგადოების მოდელირება მოახდინოს. მას არ სჭირდებიან თავისუფალი ადამიანები. მას სჭირდება მისით აღტაცებული ეთნოგრაფიული თოჯინები, გასაოცარი დემოკრატიის მზეს რომ ილოცებენ. ამ მიზნის მისაღწევად არ კმარა ფული.
საჭიროა სტალინური მასშტაბის რეპრესიები, რაც თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია. ფულით (უფრო კი ფულის იმედით) შეიძლება მიიღო ადამიანები, რომლებიც გულგრილები იქნებიან ქვეყნის ბედის, ზნეობისა და გონების კანონების მიმართ, ისტერიულად და აგრესიულად რომ დაიცავენ მარჩენალს ინტერესებს, შეიძლება მიიღო პოლიკარპე კაკაბაძესეული კოლექტიური კაკუტა და ქუჩარა, მაგრამ ვერც თავისუფალ ადამიანს მიიღებ და ვერც „გასაოცარ დემოკრატიას.“
ივანიშვილი, როგორც ნებისმიერი სხვა რიგითი ავტორიტარი, ცდილობს საზოგადოების მოდელირება მოახდინოს. მას არ სჭირდებიან თავისუფალი ადამიანები. მას სჭირდება მისით აღტაცებული ეთნოგრაფიული თოჯინები, გასაოცარი დემოკრატიის მზეს რომ ილოცებენ. ამ მიზნის მისაღწევად არ კმარა ფული
„ნაციონალების“ დროსაც ხდებოდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, მაგრამ ამას არ ჰქონია სისტემური ხასიათი. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური ლოიალობა სამსახურის შენარჩუნების მთავარ პირობად იქცა. პოლიტიკური ლოიალობის გამოხატვა კი გულისხმობს სამთავრობო მიტინგებზე სიარულს, სოციალურ ქსელებში აქტიურობას და ასე შემდეგ. „ნაციონალების“ დროსაც იგონებდნენ თანამდებობებს, რომლებზეც თავის აქტივისტებს აფორმებდნენ. „ოცნების“ პირობებში ამ პრაქტიკამ განუზომლად უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია.
„ნაციონალების“ დროსაც ხდებოდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, მაგრამ ამას არ ჰქონია სისტემური ხასიათი. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური ლოიალობა სამსახურის შენარჩუნების მთავარ პირობად იქცა
ოპოზიციური პარტიების მიმართ მე, ისევე, როგორც მრავალ სხვას ერთი კითხვა მაქვს: როგორ მოხდა, რომ, მიუხედავად გაზაფხულის მოვლენებისა, მიუხედავად საზოგადოებრივი ძალების გამოღვიძებისა „ოცნებამ“ შეძლო და, თუნდაც, 48% ან თუნდაც 40% აიღო?
წარსულში მე და თქვენ არაერთხელ გვილაპარაკია იმაზე, რომ ოპოზიციას თავისი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური პოლიტიკური ქცევით ლუკაშენკოს ტიპის მმართველობის ჩამოყალიბებისკენ მიჰყავდა საქმე. როგორ მოხდა, რომ რეგიონებში ” “ოცნებამ ამდენი ხმა აიღო? ხომ არ დააიმებდენ, რომ გაზაფხულის მოვლენების შემდეგ არჩევნებში იოლი გამარჯვება ელოდათ? ოპოზიციის უუნარობა არ არის მხოლოდ მათი საქმე.
მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აშშ სახაზინო დეპარტამენტის მიერ ივანიშვილისათვის სანქციების დაწესება და ამას მოგვიანებით შევეხები.
მომავალი წლის პროცესებზე საკმაო გავლენას მოახდენს ის, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უარი თქვა პრეზიდენტის სასახლისათვის ბრძოლაში დახარჯულიყო და გაფანტულიყო საზოგადოებრივი ენერგია.
აღარაფერს ვამბობ, რომ ამას შედეგად კიდევ ათეულობით ადამიანის დასახიჩრება და დაპატიმრება მოჰყვებოდა, შეიძლება მოჰყოლოდა პრეზიდენტის დაპატიმრებაც – ოცნებისაგან ეს სრულიადაც არ არის მოულოდნელი – რაც საზოგადოებრივი ძალების გარკვეული დროით მაინც პარალიზებას გამოიწვევდა. ვფიქრობ, ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც მას შეეძლო, გადაედგა. წლების განმავლობაში დაგროვდა დიდი საპროტესტო მუხტი, რომელიც ვერ ახერხებდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაში პერსონიფიცირებას. დღეს ეს მოხდა და ამით ქალბატონ სალომეს საკმაოდ რთული ისტორიული მისია დაეკისრა.
მომავალი წლის პროცესებზე საკმაო გავლენას მოახდენს ის, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უარი თქვა პრეზიდენტის სასახლისათვის ბრძოლაში დახარჯულიყო და გაფანტულიყო საზოგადოებრივი ენერგია
საბოლოოდ, წლის ბოლო თვეებში მოხდა ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი რამ: პრემიერმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება. ამით „ოცნება“ შეეხო ისეთ საზოგადოებრივ ნერვს, რომ ყველაფერი სხვა გადაიფარა.
წინა ხელისუფლებების დროს ამა თუ იმ ხარისხით, კორუფციაც იყო, საარჩევნო დარღვევებიც, უკანონო ძალადობაც, მაგრამ არც ერთ მათგანს აზრადაც არ მოსვლია ქვეყნის მომავალს შეხებოდა და ადამიანები იმ საშიშროების წინაშე დაეყენებინა, რომ განვლილმა წლებმა – გაჭირვებამ, ომებმა და ა.შ. ამაოდ ჩაიარა. ის, თუ რამდენად იყო ეს დანაშაული, იურისტებმა ილაპარაკონ. შეცდომა რომ იყო და რომ ეს შეცდომა გამოიწვია „ოცნების“ ლიდერის რწმენამ, თითქოს მის მიმართ კვლავ არსებობდა „ჭარბი ნდობა,“ ჩემთვის ეჭვს არ იწვევს.
ამ დასკვნითი აკორდისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა არც პრორუსული ძალების გააქტიურება, არც წლების განმავლობაში გაჭიმული ხან ფარული და ხან აშკარა ანტიდასავლური პროპაგანდა, არც მცდელობა, რომ ევროპისადმი მისწრაფება ექსკლუზიურად ნაციონალების იდეად მიჩნეულიყო, არც „მოლაპარაკე თავების“ უხვი დაფინანსება, არც მარგინალური გეოპოლიტიკური თეორიების გამოტანა მზის სინათლეზე და ა.შ. ოცნება საზოგადოების სასიცოცხლო ინსტინქტს შეეხო და ეს შეცდომასა და დანაშაულზე მეტია.
მესამე ვადა კრიტიკულია ჩვენი მმართველი პოლიტიკური ძალებისათვის… სამწუხაროდ, ჩვენმა პოლიტიკოსებმა ვერ ისწავლეს ხელისუფლების უმტკივნეულო დათმობა და ყველაფერი რევოლუციური ცვლილებების აუცილებლობამდე მიჰყავთ. ხელიდან უშვებენ მომენტს, როდესაც ძალაუფლების დათმობა უკან დაბრუნების შანსს შეუნარჩუნებდა
ადრეც გვითქვამს, რომ მესამე ვადა კრიტიკულია ჩვენი მმართველი პოლიტიკური ძალებისათვის. თავდაჯერება და თვითკმაყოფილება იწვევს იმას, რომ პოლიტიკოსები საბოლოოდ კარგავენ სიტუაციის გააზრებისა და საზოგადოების აღქმის უნარს. თუ პირველი ვადისას კორუფცია ერთეულოვანი მოვლენაა, მესამე ვადისას ის უკვე სისტემურ სახეს იძენს. გროვდება შეცდომები და საზოგადოების საპროტესტო განწყობა.
სამწუხაროდ, ჩვენმა პოლიტიკოსებმა ვერ ისწავლეს ხელისუფლების უმტკივნეულო დათმობა და ყველაფერი რევოლუციური ცვლილებების აუცილებლობამდე მიჰყავთ. ხელიდან უშვებენ მომენტს, როდესაც ძალაუფლების დათმობა უკან დაბრუნების შანსს შეუნარჩუნებდა.
– მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, იმხანად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში იუნკრების მემორიალი მთავრობის სახელით გვირგვინებით შეამკო და განაცხადა დაახლოებით ასეთი რამ თქვა, – „ვუსურვებ უკრაინას მშვიდობას, უკრაინა შორსაა და ჩვენ ახლა ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ,“ ამ განცხადებამ საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ცხადია გახდა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები დაიწყო. მეტიც, ამის შემდეგ მოუხშირეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „კოლექტიური დასავლეთის“ კრიტიკა, რომლებმაც დაიწყეს რუსეთთან ომში ჩაბმული უკრაინის მხარდაჭერა.
უსაფუძვლო აღმოჩნდა ხელისუფლების მტკიცება, რომ საქართველოს „გლობალური ომის პარტია“ „მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდა.
ამის შემდეგ დაიწყო ევროკავშირის რეკომენდაციებზე მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ძლივს და ისიც სანახევროდ აქვს შესრულებული, ევროკომისიამ 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. მაგრამ, ამის შემდეგ, ხელისუფლებას პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია რეკომენდაციების შესასრულებლად. მაშინ ითქვა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი 2024 წლის არჩევნების სამართლიანად და ობიექტურად ჩატარებაზე იქნებოდა დამოკიდებული. 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდერის საბოლოო დასკვნა ამ თემაზე რომ კითხვებს არ ტოვებს ცხადია, მათ შორის ბევრი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, ვისაც წაკითხული გაგების უნარი აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგები საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო, ქუჩაში პროტესტი დიდი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ამით გათამამებულმა ხელისუფლებამ, ჯერ თქვა, რომ 2028 წლამდე არ აპირებს საქართველოს ევროპულ მომავალზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, ხოლო შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატად დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. არჩევნების ჩატარების სამართლიანობა-უსამართლობაზე „ქართულმა ოცნებამ“, რომლის წინასაარჩევნო პროპაგანდა აშკარად ანტიდასავლური და ანტიამერიკული იყო, დასავლელი პარტნიორებისაგან ბევრი კრიტიკა მოისმინა.
ამის ფონზე „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა არ შენელებულა. მეტიც გაძლიერდა კიდეც.
საბოლოოდ, შედეგი ასეთი გვაქვს, – მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ვადა 29 დეკემბერს ეწურებოდა, აშშ-საგან ოფიციალურად მიიღო აშშ-ს ახლად არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრების მიწვევა.
თუ ამას, იმასაც დავუმატებთ, რომ 28 დეკემბერს აშშ-მ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე დაასანქცირა. ივანიშვილის დასანქცირების თემაზე სხვადასხვა მოსაზრებები მოვისმინეთ. რა თქმა უნდა, ეს სანქციები „ჯილდო“ არაა, როგორც ამას პრემიერი ირაკლი კობახიძე, როგორც ჩანს, ივანიშვილის თანხმობით ამბობს, არამედ, იმაზე, ცუდი რამაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს პირადად ივანიშვილისთვის და ქვეყნისთვისაც. საგარეო პოლიტიკაში რა შედეგებით ხვდება საქართველო ახალ 2025 წელს?
– უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ისეთი განცხადებები მოვისმინეთ, რომლებიც ძნელია, მხოლოდ რუსეთის არგაღიზიანების სურვილით აიხსნას. მაშინდელმა პრემიერმა ისიც თქვა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანების სურვილის გამო ისჯებაო.
ამით მან გააჟღერა თეზისი, რომლითაც „ოცნების“ მთელი შემდგომი საგარეო პოლიტიკური კურსი განისაზღვრა. ამას კიდევ არა უშავს და ერთ-ერთმა მინისტრმა ისიც კი თქვა, კარგია, სანქციებს რომ არ ვუერთდებით, ამით ეკონომიკურ სარგებელს ვნახავთო. ასეთი რამ შეიძლება იფიქრო (და ესეც არ არის კარგი და ადამიანური), მაგრამ ხმამაღლა ამის განცხადება ნიშნავს, რომ შენ არ გესმის განსხვავება დასაშვებსა და დაუშვებელს შორის და „სარგებლით“ დაბრმავებული ვერ ხედავ, რომ შენი ხეირის მიღმა დანგრეული ქალაქები და დახოცილი ადამიანებია. ღმერთმა დამიფაროს, ომში ჩართვაზე ვლაპარაკობდე, მაგრამ ვერავინ დაგიშლის, ადამიანური პოზიცია ზომიერად და ყოველგვარი ისტერიულობის გარეშე გამოხატო.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ისეთი განცხადებები მოვისმინეთ, რომლებიც ძნელია, მხოლოდ რუსეთის არგაღიზიანების სურვილით აიხსნას. მაშინდელმა პრემიერმა ისიც თქვა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანების სურვილის გამო ისჯებაო. ამით მან გააჟღერა თეზისი, რომლითაც „ოცნების“ მთელი შემდგომი საგარეო პოლიტიკური კურსი განისაზღვრა. ამას კიდევ არაუშავს და ერთ-ერთმა მინისტრმა ისიც კი თქვა, კარგია, სანქციებს რომ არ ვუერთდებით, ამით ეკონომიკურ სარგებელს ვნახავთო
ის, რასაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქართული ოცნება საგარეო პოლიტიკაში აკეთებს, არ არის მხოლოდ საერთაშორისო ცხოვრების არცოდნის შედეგი. შეუძლებელია, არ გესმოდეს, თუ რას ნიშნავ, როდესაც უცხო სახელმწიფოს ელჩებს უტაქტოდ მიმართავ, ათასნაირი გამოთქმებით ამკობ და ვინ იცის, რაში არ დებ ბრალს. ისიც უნდა გესმოდეს, რისი ნიშანია, როდესაც შენი საპრეზიდენტო კანდიდატი დაუფარავი, უფრო მეტიც, აგრესიული ანტიამერიკელია. ამის შემდეგ გულუბრყვილოდ კითხვის დასმა, არ გვესმის, რას გვერჩიანო, უკეთეს შემთხვევაში უმეცრებაა, ხოლო უარესში – დასავლეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მიზანმიმართული გაფუჭება.
„ოცნების“ სასარგებლოდ ვერ ერთი ვარიანტი ვერ იქნება. შეიძლება ქვეყანაში მოიძებნება რამდენიმე ათეული ან ასეული ადამიანი, ვინც ამგვარი „პრინციპულობით“ აღტაცებულია – მეც შემხვედრია ასეთები – შეიძლება მთელი ძალით აამუშავო დაქირავებული პროპაგანდისტები, მაგრამ იმას, რომ ამ ქცევაში რაღაც არ არის წესრიგში, გაცილებით მეტი ხვდება. გაცილებით მეტისთვისაა ცხადი, რომ ამგვარი „სუვერენიტეტის დაცვა,“ უმალ, საქართველოში რუსული პოლიტიკისათვის გზების გახსნას ნიშნავს.
ის, რასაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქართული ოცნება საგარეო პოლიტიკაში აკეთებს, არ არის მხოლოდ საერთაშორისო ცხოვრების არცოდნის შედეგი. შეუძლებელია, არ გესმოდეს, თუ რას ნიშნავ, როდესაც უცხო სახელმწიფოს ელჩებს უტაქტოდ მიმართავ, ათასნაირი გამოთქმებით ამკობ და ვინ იცის, რაში არ დებ ბრალს. ისიც უნდა გესმოდეს, რისი ნიშანია, როდესაც შენი საპრეზიდენტო კანდიდატი დაუფარავი, უფრო მეტიც, აგრესიული ანტიამერიკულია
– თუ როგორი შედეგებით შეხვდა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში საქართველო 2025 წელს, საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ.
ახლა ის დროა, იმაზე ვისაუბროთ, იმ მოცემულობებით, რაც ჩვენ ახლა გვაქვს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, სავარაუდოდ როგორ გესახებათ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მოვლენათა განვითარება.
რადგან წინა კითხვა საგარეო პოლიტიკაზე იყო, მოდით 2025 წელს საგარეო პოლიტიკის სავარაუდო პერსპექტივებზე საუბრით დავიწყოთ?
– პუტინმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მთავარი საერთაშორისო მოვლენები კულტურათა ომის ლოგიკას დაექვემდებარებოდა. ვერ გეტყვით, რამდენად შეძლო მან ეს სხვაგან, მაგრამ ეჭვი მაქვს, დასავლეთში საქართველოში მიმდინარე პროცესებს დიდ წილად სწორედ ამ კონტექსტში ხედავენ.
საგარეო პოლიტიკა 2024 წლის ინერციით გაგრძელდება. არა მგონია, რომ თავად „ოცნების“ ლიდერებს სჯეროდეთ, რომ დონალდ ტრამპი რაიმეს შეცვლის. თუმცა, ისეთი საგარეო პოლიტიკური არაკომპეტენტურობა გამოავლინეს, ისე მდაბიურად ცდილობდნენ დასავლეთის დაშანტაჟებას ირანთან და ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებით, რომ არც ის გამიკვირდება, ამისი მართლა სჯეროდეთ.
საგარეო პოლიტიკა 2024 წლის ინერციით გაგრძელდება. არა მგონია, რომ თავად „ოცნების“ ლიდერებს სჯეროდეთ, რომ დონალდ ტრამპი რაიმეს შეცვლის
მას შემდეგ, რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გაფორმდა, ხოლო პრემიერი ირანში ტერორისტებთან ერთ ერთ საზოგადოებაში აღმოჩნდა, როგორ ფიქრობთ, როგორი შეიძლება იყოს ოცნების მიმართ ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის, კონკრეტულად კი ტრამპის დამოკიდებულება – იმ ტრამპისა, ვისთვისაც ჩინეთი ამერიკის ყველაზე დიდი პრობლემაა? როგორი შეიძლება იყოს ტრამპის დამოკიდებულება, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩინელებს გადააბარებ?
დიდ საერთაშორისო აქტორებს შორის „ოცნების“ მიმართ მიმღებლობა მხოლოდ რუსეთს, ირანს და ჩინეთს თუ ექნებათ. ევროკავშირთან „ოცნების“ ურთიერთობები რომ სამუდამოდაა ბნელ ზოლში გადასული, არა მგონია, საეჭვო იყო. ამ ცოტა ხნის გაისმა აზრი, რომ ევროკავშირის ნაცვლად ბრიკსში შეგვიძლია გაწევრიანებაო
დიდ საერთაშორისო აქტორებს შორის „ოცნების“ მიმართ მიმღებლობა მხოლოდ რუსეთს, ირანს და ჩინეთს თუ ექნებათ. ევროკავშირთან „ოცნების“ ურთიერთობები რომ სამუდამოდაა ბნელ ზოლში გადასული, არა მგონია, საეჭვო იყო. ამ ცოტა ხნის გაისმა აზრი, რომ ევროკავშირის ნაცვლად ბრიკსში შეგვიძლია გაწევრიანებაო. როგორც ჩანს, ამ იდეის ავტორს დაზუსტება მართებს ბრიკსის რაობასა და შესაძლებლობებზე. ჰოდა, გონების რაღაც მანქანებით ათწლეულების განმავლობაში ნაგები საგარეო კავშირების ნგრევას „სუვერენიტეტის შენარჩუნება“ დაარქვეს. მთავარ ინსტრუმენტებად მომარჯვებული უტიფარი სიცრუე, გადაგდება და შანტაჟი არის ის, რის გამოც მხოლოდ მარგინალური საერთაშორისო აქტორები თუ შეძლებენ ოცნებასთან თანასწორუფლებიან ურთიერთობას.
სანქცირებული ადამიანების დაჯილდოება და წახალისება იმას მაგონებს, თუ როგორ აჯილდოებს ვლადიმერ პუტინი დასავლეთში მხილებულ და იქიდან გამოძევებულ ჯაშუშებს. განსხვავება ისაა, რომ პუტინი ევროინტეგრაციაზე არ ლაპარაკობს
სანქცირებული ადამიანების დაჯილდოება და წახალისება იმას მაგონებს, თუ როგორ აჯილდოებს ვლადიმერ პუტინი დასავლეთში მხილებულ და იქიდან გამოძევებულ ჯაშუშებს. განსხვავება ისაა, რომ პუტინი ევროინტეგრაციაზე არ ლაპარაკობს. ერთი რამ ოპოზიციურ სპექტრში ნამდვილად შეინიშნება. მისი აქტორები გრძნობენ, რომ კონსოლიდაციის მაღალი ხარისხის გარეშე შეუძლებელი იქნება ოცნების დაძლევა.
მომავალ მოვლენებზე, უთუოდ, მკვეთრად აისახება ბიძინა ივანიშვილის მიმართ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები
ნუ დავივიწყებთ, რომ ამ უკანასკნელს ზურგს უმაგრებს არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსები, ბანალურ თუ თეთრსაყელოიან კორუფციულ კავშირებში ჩართული ადამიანების სიმრავლე, არა მხოლოდ საკვებურებით უზრუნველყოფილები, არამედ საკმაოდ მრავალრიცხოვანი და კარგად ორგანიზებული რუსული აგენტურაც. ზოგჯერ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დღეს მთელი მიძინებული აგენტურა იქნა გააქტიურებული. – რადგან 2025 წლის საგარეო პოლიტიკის პერსპექტივები საკმაოზე მეტად მკაფიო და ცხადია, ახლა, არა მარტო საინტერესო, არამედ აქტუალურია თუ როგორ განვითარდება პროცესები საშინაო პოლიტიკაში 2025 წელს?
– მომავალ მოვლენებზე, უთუოდ, მკვეთრად აისახება ბიძინა ივანიშვილის მიმართ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები. მე არ ვარ ფინანსისტი და უნდა ვენდო იმ პროფესიონალებს, ვინც თვლის, რომ ამ სანქციების შედარებით მსუბუქი ხასიათი გამოწვეულია იმით, რომ მათი ავტორი ცდილობს პირველ ეტაპზე ფსიქოლოგიური და პოლიტიკური დაწოლით აიძულოს ივანიშვილი, თავისი ქცევის წესი შეცვალოს.
დღევანდელი პროევროპული საზოგადოებრივი მოძრაობა ხასიათით მკვეთრად განსხვავდება ადრინდელისაგან. წინამორბედმა ევრო ცენტრისტებმა ეროვნულ იდეა ფუქსავატურად გადააბარეს მარგინალებს და პრორუსულ ძალებს
მათი გაღრმავება უკვე ჩვენი ქვეყნის სუსტ ეკონომიკაზე მწარედ აისახებოდა და სასჯელის ობიექტები ჩვენ ყველა გავხდებოდით. ვფიქრობ, აქ კიდევ ერთი ნაღმია ჩამარხული. ეკონომიკური ცხოვრების დამძიმება, რაც სანქციების გარეშეც არის მოსალოდნელი, იოლია, საშუალო სტატისტიკური ადამიანის მიერ გაჭირვება აიხსნას, როგორც დასანქცირებულების მხრიდან დანაკლისის ანაზღაურების შედეგი. ამას კი არ შეიძლება არ მოჰყვეს საზოგადოებრივი განწყობების დამძიმება. ამერიკის პოზიციის ცალსახა განსაზღვრის შემდეგ „ოცნებას“ ერთი გზაღა რჩება. ის ღიად უნდა ჩამოყალიბდეს რუსეთზე მიბმულ მმართველობად. ასეთი მმართველობის შენარჩუნება მხოლოდ მკაცრი რეპრესიული მეთოდებითაა შესაძლებელი და „ოცნება“ გასული საუკუნის 30-იანი წლების პორტუგალიური, რუმინული და სხვა დიქტატურების მსგავს რეჟიმის შექმნის გზას შეიძლება დაადგეს და ამ ინერციას თავი ვეღარ დააღწიოს.
ეჭვი არა მაქვს, ისინიც ბევრ შეცდომას დაუშვებენ, მათ შორისაც აღმოჩნდებიან ცუდი ავანტიურისტები, მაგრამ მათ ძლიერი ჯანსაღი საწყისები აქვთ და უმთავრესი, რაც უფროსმა თაობამ მოახერხა ისაა, რომ, მიუხედავად მრავალი შეცდომისა, ასპარეზზე მათი გამოსვლის წინაპირობები შექმნა
მეორეს მხრივ, არსებობს თვითორგანიზების უნარის მქონე და თავისუფლების იდეის მატარებელი ქართული საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილი და მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ის ამას დაუშვებს.
დღევანდელი პროევროპული საზოგადოებრივი მოძრაობა ხასიათით მკვეთრად განსხვავდება ადრინდელისაგან. წინამორბედმა ევრო ცენტრისტებმა ეროვნულ იდეა ფუქსავატურად გადააბარეს მარგინალებს და პრორუსულ ძალებს. შედეგი კი თუნდაც ის იყო, რომ ოცნებას არ გასჭირვებია მათი წარმოდგენა, როგორც უცხო, ანტიეროვნული ძალისა. ახლანდელ საზოგადოებრივი მოძრაობისათვის ევროპული და ეროვნული იდეები ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. ასეთ საზოგადოებრივ მოძრაობას კი ახალი პოლიტიკური ისტებლიშმენტი სჭირდება.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უკანასკნელი სწორედ ახლა, ჩვენს თვალწინ დაიბადება. ადრეც ბევრჯერ თქმულა, რომ საზოგადოებამ თავის განვითარებაში პოლიტიკურ სპექტრს გაასწრო. ეს განსხვავება დღეს განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს.
ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა აღმოჩნდეს პოლიტიკური ვაკუუმის წინაშე. ოპოზიციამ თავისი დღევანდელი კონფიგურაციით ვერ შეძლო ამ ვაკუუმის შევსება. იმედია, მისი ლიდერები იაზრებენ ამას და შეძლებისდაგვარად გამოიყენებენ საზოგადოებრივი მოძრაობისა და პრეზიდენტის პოტენციალს
მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ისიც, რომ ახალგაზრდებს პოლიტიკოსების მიმართ უპირატესად აქვთ არა უფროსი თაობისათვის დამახასიათებელი დამოკიდებულება, მუდმივად ლიდერის ძიებაში რომ იყო, არამედ ინსტრუმენტული: პოლიტიკოსს უმთავრესად აღიქვამენ თავისი მიზნების ინსტრუმენტად და ამით ისინი ზედმიწევნით ევროპელები არიან. ვფიქრობ, ეს ახლავე უნდა გაითვალისწინოს დღევანდელმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა და მისმა ლიდერებმა, რადგან შორს არ არის დრო, როდესაც ახალი პოლიტიკური რელიეფის შექმნას სწორედ ეს ახალგაზრდები დაიწყებენ.
ეჭვი არა მაქვს, ისინიც ბევრ შეცდომას დაუშვებენ, მათ შორისაც აღმოჩნდებიან ცუდი ავანტიურისტები, მაგრამ მათ ძლიერი ჯანსაღი საწყისები აქვთ და უმთავრესი, რაც უფროსმა თაობამ მოახერხა ისაა, რომ, მიუხედავად მრავალი შეცდომისა, ასპარეზზე მათი გამოსვლის წინაპირობები შექმნა.
ერთი წუთით გავიხსენოთ, საიდან მოვდივართ. ამ ოცდათხუთმეტი წლის წინ, არსებითად, ქუჩის ბიჭს 20 000-იანი მიტინგი შეიძლებოდა შეეკრიბა და ეთქვა, ჩვენ ვიბრძვით ნატოს წევრი და ნეიტრალური (!) საქართველოსთვისო, რასაც ოვაციები მოჰყვებოდა. ასე იწყებოდა ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება. შევადაროთ ეს იმას, რაც დღეს ხდება და იოლად მივხვდებით, ჩვენს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს როგორი ნაბიჯები გადაუდგამს, როგორი გამოცდილება შეუძენია, თვითორგანიზების როგორი ფორმებისათვის მიუგნია, როგორ შეუმუშავებია იმუნიტეტი პოპულიზმისა და პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ. არ შეიძლება, ყველაფერმა ამან დღევანდელი პროცესების კეთილად დამთავრების იმედი არ მოგცეს კაცს. ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა აღმოჩნდეს პოლიტიკური ვაკუუმის წინაშე. ოპოზიციამ თავისი დღევანდელი კონფიგურაციით ვერ შეძლო ამ ვაკუუმის შევსება. იმედია, მისი ლიდერები იაზრებენ ამას და შეძლებისდაგვარად გამოიყენებენ საზოგადოებრივი მოძრაობისა და პრეზიდენტის პოტენციალს.
მეტსაც ვისურვებდი: ოპოზიციის საარჩევნო სიების სათავეში აღმოჩენილიყვნენ საზოგადოებიდან გამოსული ადამიანები და არა ის პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომელთა მიმართაც ნდობის ხარისხი, თუ გულახდილები ვიქნებით, არ არის მაღალი. ჩვენი დრო იოლად ცვითავს ადამიანებს.
დასასრულს, დამდეგი ახალი წელი მინდა მივულოცო თქვენს მკითხველებს. ჩვენ ყველანი იმედით ვუცქერთ მომავალ წელს და ეს არ არის მხოლოდ რიტორიკული ფიგურა. მთავარი მოხდა: ჩვენ ვიწამეთ, რომ სიკეთისა და თავისუფლების მატარებელი ხალხი ვართ და რომ ჩვენი სასიცოცხლო გარემოს შექმნა შეგვიძლია.
კობა ბენდელიანი
„ინტერპრესნიუსი“