როგორ აფასებენ რეჟისორები და მსახიობები ქართულ თეატრში მოსალოდნელ ცვლილებებს? ცვლილებამ, რომელიც “პროფესიული თეატრების შესახებ” კანონში უნდა შევიდეს, ჩვენს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ახალი კანონპროექტის მიხედვით, თეატრის მართვის ორსაფეხურიანი მოდელი უქმდება: თეატრს ერთპიროვნულად უხელმძღვანელებს თეატრის დირექტორი, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა გაუქმდება.
სახელმწიფო თეატრებში დირექტორს კულტურის მინისტრი დანიშნავს, მუნიციპალურ თეატრებში კი – მერი.
კანონი განსაზღვრავს მინისტრის მიერ თეატრის დირექტორის გათავისუფლების საფუძვლებსაც. ასეთ საფუძვლებს შორისაა – სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი რეკომენდაცია, ასევე – თეატრის დასის, ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნა. ვარაუდობენ, რომ კანონის მიღებას “ქართული ოცნება” თვენახევარში შეძლებს და ის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. მოსალოდნელ ცვლილებებს კულტურის სფეროს წარმომადგენლები განსხვავებულად აფასებენ. ზაზა პაპუაშვილი, მსახიობი:
“ვისაც ოპოზიციონერობა სურს, ალტერნატიული გზა უნდა მოძებნოს”
– თეატრის მოწყობა და ტრადიციები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, ჩვენთან ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა: სამხატვრო ხელმძღვანელი მხატვრულ მხარეზეა პასუხისმგებელი, ხოლო დირექტორი, ეს არის ჩინოვნიკი, რომელსაც ფინანსები და ტექნიკური მხარე აბარია. ქართულ თეატრებში ყოფილან ნორმალური და კარგი დირექტორები, მაგრამ ყოფილან ისეთებიც, რომლებიც თეატრის ბიუჯეტს ხრავდნენ და სწორად არ იქცეოდნენ. იგივე უნდა ვთქვა სამხატვრო ხელმძღვანელებზეც, რომლებიც ზოგჯერ, სულთნებად გადაიქცევიან ხოლმე. სამწუხაროდ, ყველაფერს ერთ კანონში ვერ გაითვალისწინებ, რადგან კანონი არ იწერება ცალკე ცუდებისთვის და ცალკე – კარგებისთვის. ახალი კანონის მიხედვით, თეატრის დირექტორი რაღაც პერიოდით დაინიშნება და ამ თანამდებობაზე საშვილიშვილოდ ვერ დარჩება.
აუცილებლად უნდა შევეხო ერთ საკითხს, რომელიც ძალიან მაფიქრებს: როცა თეატრს სახელმწიფო დაფინანსება აქვს, მაგრამ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, საბოტაჟს ეწევა, ეს სამართლიანია?!
ჩემი აზრით, ასეთ დირექტორს და სამხატვრო ხელმძღვანელს, უფლება არა აქვთ, თავიანთ პოსტებზე დარჩნენ. ვისაც ოპოზიციონერობა უნდა, წავიდეს და ოპოზიციური თეატრი გააკეთოს, მაგრამ
სახელმწიფოს აგინებდე და თან, სახელმწიფოს დაფინანსებით არსებობდე, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი ამბავია.
თეატრმა ანგარიში უნდა გაუწიოს იმ მაყურებელს, რომელიც სპექტაკლის სანახავად მოვიდა და პოლიტიკა სულ არ აინტერესებს, ან სხვაგვარად ფიქრობს. მესმის, რომ ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგრამ საქართველოში რომ დემოკრატიაა, ასეთი სხვაგან სად არის? ამდენი გინება, ლანძღვა და რევოლუციისკენ მოწოდება მე არსად მინახავს. ამ ადამიანებს ვურჩევდი, რომ ინდივიდუალური პროტესტი ქუჩაში გამოხატონ, ან ე.წ. ოპოზიციურ არხებს ეწვიონ.
ზოგს ჰგონია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი საშვილიშვილოდ ერგო, მაგრამ ასე არ არის. თეატრს ისეთი ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს, რომელიც მას მოუვლის და მსახიობებს კარგ პირობებს შეუქმნის. ხელმძღვანელმა თეატრში კარგი გარემო უნდა შექმნას, მაგრამ დისციპლინაც აუცილებელია. თეატრში დისციპლინა თუ არ იქნება, ის თეატრი ღირებულს ვერაფერს შექმნის. რეპეტიცია ხომ წვრთნაა? რაც უნდა ნიჭიერი იყოს მსახიობი, წვრთნა და ვარჯიში მაინც სჭირდება.
ასე მაგალითად: სერგო ზაქარიაძე ხუთი წლის განმავლობაში არ გამოსულა სცენაზე, იმდროინდელ “პიონერთა სასახლეში” მუშაობდა, მაგრამ გამუდმებით ვარჯიშობდა და სამსახიობო ოსტატობა არ დაუკარგავს. ასეა ახლაც: მსახიობი თავის თავზე უნდა მუშაობდეს.
კიდევ გავიმეორებ: ვისაც ოპოზიციონერობა სურს, თეატრი უნდა დატოვოს და ალტერნატიული გზა იპოვოს. თეატრი პოლიტიკანობას და საბოტაჟს კი არა, თავის ხალხს და ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს.