ვფიქრობთ, ენერგოპროექტების ხელშეწყობას ბანკებთან თანამშრომლობით მოვახდენთ – ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერის არსებული მექანიზმი ქმედითია, თუმცა მთავრობა მზადაა სხვა მექანიზმებიც განიხილოს.
როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფიქრობს, რომ ენერგოპროექტების ხელშეწყობა ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხდება.
„მხარდაჭერაზე მუდმივი დიალოგი გვაქვს კერძო სექტორთან. ბოლო დღეებში არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩვენი მხარდაჭერის ძირითადი პრინციპები კერძო სექტორთან შევაჯერეთ იმისთვის, რომ უფრო ქმედითი იყოს ჩვენი მხარდაჭერა და რეალურად განხორციელებული პროექტები მივიღოთ დროში უფრო სწრაფად. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში ვაცნობთ სახელმწიფო ხედვას და ვაფიქსირებთ მკაფიო მხარდაჭერას ენერგეტიკული სექტორის განვითარების მიმართ. ინვესტორებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი. დღესაც, „ კაპიტალთან“ ერთად, გვექნება მსჯელობა დაფინანსების წყაროებზე, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ, პროექტები გადავიყვანოთ განხორციელების ეტაპზე. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმი ფასის კუთხით არის ძალიან ქმედითი, თუმცა ჩვენ ბიზნეს ასოციაციასთან საუბრისას განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, განვიხილოთ სხვა მხარდამჭერი მექანიზმები, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. ამიტომ, აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის, საფინანსო სექტორთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია. „“ და „თიბისი ბანკი“ ზოგადად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამფინანსებელი ენერგეტიკის სფეროში და მჭიდრო თანამშრომლობით ვფიქრობთ ბანკებთან ერთად მოვახდენთ ხელშეწყობას განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების”,- განაცხადა დავითაშვილმა, რომელიც ელექტროენერგიის ბაზართან დაკავშირებით „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციის წარდგენას დაესწრო.
ცნობისთვის, მთავრობა ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის მოდელს ცვლის. იმ პროექტებზე, რომლებსაც განხორციელების შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო პირდაპირ გააფორმებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და ახალი CFD აუქციონები აღარ გამოცხადდება. ვიცე პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა PPA, ანუ სიმძლავრის გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს აღადგენს. თუკი წარსულში გაფორმებული PPA კონტრაქტების ტარიფების შესახებ არსებობდა კითხვის ნიშნები, თუ როგორ დადგინდა აღნიშნული ტარიფი, მისი თქმით, მომავალში გასაფორმებელ პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტებში განისაზღვრება ის ტარიფი, რომელიც CFD აუქციონის შედეგად დადგინდა.