Reuters-ის ცნობით, აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობის სექტორის წინააღმდეგ შემოღებული ახალი სანქციების შემდეგ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ გაზპრომს სერბული ნავთობკომპანიის, NIS-ის მფლობელობიდან გასვლისთვის 45 დღე მიეცემა.
გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ 10 იანვარს სანქციების ყველაზე ფართო პაკეტი დააწესა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირებას ისახავს მიზნად, რათა კიევსა და დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციას უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეთანხმების მისაღწევად ბერკეტები მიეცეს.
“ისინი ჩვენგან NIS-დან რუსების სრულ გასვლას მოითხოვენ, და არა წილის შემცირებას. ნებისმიერი გარიგება უნდა დაამტკიცოს აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა”, – განაცხადა ვუჩიჩმა.
ხორვატიის მილსადენის კომპანიამ, Janaf-მა, რომლის მეშვეობითაც NIS თავისი ნედლი ნავთობის უმეტეს ნაწილს იღებს, განაცხადა, რომ სანქციები სრულად 45 დღეში ამოქმედდება.
NIS-მა, რომელიც სერბეთის ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, Janaf-თან კონტრაქტი 10 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე ხორვატიის გავლით 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა.
წყარო: ფორმულა