“გამოვხატე მადლიერება რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, მის მიერ სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მხარდაჭერისთვის, ასევე სერბი ხალხის მიმართ მისი მეგობრული დამოკიდებულებისთვის”, – თქვა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა პეკინში რუსეთის პრეზიდენტთან გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ.
ის შეხვედრის ამსახველ ფოტოსა და ინფორმაციას ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას “უკრაინის კრიზისად” მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ სერბეთი მომავალშიც “ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს”:
“გავიმეორე, რომ უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ სერბეთი ძალიან რთულ ვითარებაშია და განიცდის უდიდეს ზეწოლას, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, შევინარჩუნეთ პრინციპული პოზიცია და ჩვენი პოლიტიკის დამოუკიდებლობა. სერბეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები არ შემოუღია და მომავალშიც შევინარჩუნებთ ნეიტრალიტეტს”.
ვუჩიჩი აგრეთვე წერს:
“რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველა სფეროში თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს სერბეთისთვის და ვიმედოვნებ, რომ გვექნება მისი არა მხოლოდ შენარჩუნების, არამედ განმტკიცებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა.
ჩვენთვის ენერგეტიკული სფეროსა და ჩვენი ქვეყნისთვის გაზის სტაბილურ მიწოდებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და უნგრეთში ნავთობსადენის წყალობით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ ენერგეტიკული მიმართულებით. აგრეთვე აღვნიშნე, რომ სერბეთში მივესალმებით ყველა რუსულ კომპანიას, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის კუთხით”.
პუტინთან ორმხრივ შეხვედრაზე ვუჩიჩის ნათქვამი კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ტრანსკრიპტითაც დასტურდება.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის ნაწილს, პუტინმა სერბეთთან ურთიერთობის მნიშვნელობასა და მიმდინარე წელს ბელგრადში სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დაგეგმილ შეხვედრას გაუსვა ხაზი:
“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთსასარგებლოა, მოაქვს დადებითი შედეგები როგორც რუსეთის, ისე სერბეთისთვის. გასულ წელს, სამწუხაროდ, ვაჭრობაში გარკვეული ვარდნა გვქონდა. თუმცა წელს დადებით დინამიკას ვხედავთ და ამოცანა არის ამის შენარჩუნება.
ჩვენი უწყებები მუდმივად თანამშრომლობენ, მთლიანობაში საკმაოდ ინტენსიურად მუშაობენ. და შედეგად, ჩემი აზრით, ამ წლის ბოლოს ბელგრადში იგეგმება სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე კომიტეტის მორიგი სხდომა”.
ვლადიმირ პუტინმა ალექსანდარ ვუჩიჩს მოუწონა პოლიტიკა:
“ვხედავთ და პატივისცემით ვუდგებით დამოუკიდებელ შიდაპოლიტიკურ კურსს, რომელსაც სერბეთი თქვენი ხელმძღვანელობით ატარებს”.
ვუჩიჩი და პუტინი არაერთი სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად იმყოფებიან ჩინეთის დედაქალაქში, სადაც 3 სექტემბერს დაგეგმილია მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმის გამართვა.
სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან ის ხაზგასმით უარყოფითად უდგება რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას. სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ნათქვამი აქვს: “ჩვენ არ შემოვიღებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება პრინციპებს და სახელმწიფო ინტერესებს”. ვუჩიჩის ამგვარი პოზიციის გამო, ევროკავშირს არაერთხელ გამოუხატავს იმედგაცრუება სერბეთის საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის ერთიან საგარეო პოლიტიკასთან შეუსაბამობის გამო.
ვუჩიჩი და პუტინი მიმდინარე წლის 9 მაისს მოსკოვშიც შეხვდნენ ერთმანეთს, როცა რუსეთის პრეზიდენტმა სერბეთის ლიდერი “გამარჯვების დღის” აღნიშვნის ღონისძიებებზე მიიწვია.
