“ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, იყვნენ ევროპელები” – ევროპარლამენტარი

ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი 9 აპრილს, თბილისში “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად გამართულ “თავისუფლების მარშს” ეხმაურება:
“ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, იყვნენ ევროპელები”, – წერს იგი სოციალურ ქსელ X-ში.
9 აპრილს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე – „თავისუფლების მარში“ გაიმართა, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტები, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ისინი აპროტესტებდნენ მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას საქართველოს პარლამენტში.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.