“ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე” – თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები

თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლების საგანგებო განცხადება:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შევუერთდეთ ჩვენი სტუდენტების სულისკვეთებას. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი.
ვგმობთ ნებისმიერი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში მასობრივად აქვს ადგილი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. მათ შორის, ფიზიკურად უსწორდებიან სტუდენტებს, ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ კრიტიკულად განწყობილ პროფესორ-მასწავლებლებს.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით.
აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია „რუსული კანონის“, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან