ვსა-ს, ივერიონის და მარგვეთის მნიშვნელოვანი გამარჯვებები სუპერლიგის XIX ტურში

სუპერლიგის მე-19 ტურის 3 მატჩს დღეს თბილისი არენამ უმასპინძლა. ხვალ რეგიონებში კიდევ 2 შეხვედრა გაიმართება, რითაც ტური დასრულდება და სატურნირო ვითარება უკიდურესად დაიძაბება. ამის თქმა უკვე დღევანდელი მატჩების შედეგებიდან შეიძლება. დავიწყოთ ქრონოლოგიურად და ჯერ რაშისა და ვსა-ს დაპირისპირებაზე ვთქვათ.
ვსა პირველობისთვის იბრძვის, რათა პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ჰქონდეს. რაშს სუპერლიგაში დარჩენა ჯერ გარანტირებული არ აქვს. ამიტომ, ამ გუნდს დღევანდელი გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. ბრძოლა არ შედგა. ცხრილში მაღლა მყოფმა და გაცილებით ძლიერი შემადგენლობით დაკომპლექტებულმა ვსა-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა –
93:75 (სტატისტიკა).
რაშის კალათბურთელები მთელი თამაში ცდილობდნენ, წინ გაჭრილ მეტოქეს დასწეოდნენ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის – ვსა-ს მოთამაშეების კლასმა თავისი ქნა. დავით კაკუშაძის, ქსავიერ ჰილ-მეისის და შაქუან ჯულსის შედეგიანმა თამაშმა ვსა მეტოქისთვის მიუწვდომელი გახადა. გამარჯვებულებს ჰილ-მეისმა 23 ქულით ულიდერა. 18 ქულა და 8 მოხსნა ჯულსმა მოაგროვა. კაკუშაძის ანგარიშზე კი 14 ქულა, 6 მოხსნა და 4 ჩაჭრა დაგროვდა. რაშის შემადგენლობაში 25 ქულით საუკეთესო იყო გარეტ ჰიქსი.
ამ გამარჯვებით ვსა ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დაკარგული ქულებით ლიდერ ქუთაისს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ამასთან, ვსა-ს კონკურენტები – თსუ და ივერიონი შემდეგ მატჩს თამაშობდნენ და მოგებული გუნდი აუცილებლად გადაასწრებდა.
თსუ ივერიონის წინაშე 7 კალათბურთელით წარსდგა. გიორგი ცინცაძე, ნიკა ლეონიძე, საბა გეგუჩაძე ტრავმირებულები არიან, ხოლო გუნდის ახალგაზრდა წევრები – მათე ყავლაშვილი და ლუკა ღორაშვილი ზაზა ფაჩულიას აკადემიის ასაკობრივ გუნდს საერთაშორისო ტურნირზე ახლავან. 7 მოთამაშით თსუ ბოლომდე ებრძოლა ივერიონს და შეხვედრა ბოლო წუთზე, დაძაბულ ბრძოლაში დათმო.
შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრის ბედი ერთმა სროლამ გადაწყვიტა, რომელიც თსუ-მ ვერ ჩააგდო და წააგო. შეხვედრის დასრულებამდე 25 წამით ადრე 87:88 ჩამორჩენილი თსუ-ს წევრმა, ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა ხელსაყრელი ვითარებიდან დამაწინაურებელი სროლა ააცილა, თუმცა ბურთი უნივერსიტეტელებმა მოხსნეს და დასრულებამდე 11 წამით ადრე ალექსანდრე ფევაძემ სამქულიანი ტყორცნა, თუმცა ისიც არაზუსტი აღმოჩნდა. ბურთი ამჯერად გორელებმა მოხსნეს და თსუ-მ ტაქტიკური ჯარიმა აიღო. ორივე საჯარიმო რევაზ როგავამ გამოიყენა და ივერიონი 90:87 დააწინაურა. ბოლოსწინა წამზე ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა გამთანაბრებელი სამქულიანი ააცილა.
ივერიონს 23 ქულით და 11 მოხსნით ივანე მეგენეიშვილმა ულიდერა. 20 ქულა მიითვალა რეჯი მესიდორმა. 14 ქულა რევაზ როგავას ანგარიშზე დაგროვდა. თსუ-ში 23 ქულით საუკეთესო იყო დევონტრე ტომასი, 16 ქულა და 7 მოხსნა კარსონ ბაშამის ანგარიშზეა. 13 ქულა და 8 პასი გრენ აბრამმა მიითვალა.
ამ მოგებით ივერიონი პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა დაკარგული ქულებით ლიდერი ქუთაისია, რომელსაც ივერიონზე 2-ით ნაკლები წაგება აქვს და თამაშიც 2-ით ნაკლები ჩაუტარებია.
დაბოლოს ოვერტაიმიანი მატჩი, რომლის შედეგიც შესაძლოა ძვირად დაუჯდეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი კსუ პირველი ნახევრის შემდეგ 19 ქულით ამარცხებდა ზესტაფონის მარგვეთს, თუმცა შეხვედრა ოვერტაიმში – 100:102 წააგო. მარგვეთმა გმირული მესამე პერიოდი ჩაატარა და დიდ შესვენებაზე არსებული 19-ქულიანი ჩამორჩენა 1-ქულიან ლიდერობად აქცია. ზესტაფონელებმა მესამე 10-წუთეული 34:14 (!) მოიგეს და ცხადი გახადეს, რომ ამ შეხვედრის მოგებაც შეეძლოთ.
ასეც მოხდა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა ზესტაფონელებმა გუნდური და რაც მთავარია, შედეგიანი თამაშით ლიდერობა მოიპოვეს და ძირითად დროშიც მოიგებდნენ, რეგულარულის ბოლო წუთზე კავკასიელებს მიზანი რომ არ გამოეჩინათ და 5 ქულით ჩამორჩენილებს, ანგარიში რომ არ გაეთანაბრებინათ.
დამატებით ხუთწუთეულშიც არ გამოიკვეთა ლიდერი. თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და ბოლო წუთზე ზესტაფონელებს მეტი სიმტკიცე აღმოაჩნდათ. მნიშვნელოვანი იყო სანდრო სანაძის სამქულიანი, რომლის შემდეგაც მარგვეთის მოგება რეალური გახდა და საბოლოოდ ყველაფერიც ასე დასრულდა.
ზესტაფონმა ამ მოგებით მოწინავე ხუთეულში ადგილი გაინაღდა, თუმცა დარჩენილ 2 მატჩს თუ შედეგიანად ჩაატარებს, სამეულშიც შევა. სუპერლიგის მე-19 ტურის დარჩენილი 2 მატჩი 30 აპრილს გურჯაანსა და ქუთაისში გაიმართება. კახეთში სათამაშოდ ბოლო ადგილზე მყოფი ამრა ჩავა, ხოლო ქუთაისს ესტუმრება.
GBF