ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, – ასე აფასებს გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას.
“ქართული ოცნების” ლიდერი, ექსპრემიერის “აღიარებას” მიესალმება, თუმცა იქვე ამბობს, რომ თავად დანაშაული ძალიან მძიმეა.
„ძალიან ძნელია. დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება. ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის, მისი ოჯახის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული. საქმიანი ურთიერთობა ძალიან ბევრი მქონია, ბევრი პოზიტიური განვითარება მახსოვს და რასაკვირველია, ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა. საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა. იგივე ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანი, რომელიც შენს გუნდში იყო, ყოველთვის მყარად იდგა თავის პოზიციაზე, გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც იმ პრინციპებს უპირისპირდება, რითაც დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში. არაერთხელ გააფრთხილა ყველა. მისასალმებელია აღიარება, მაგრამ თავად დანაშაული არის ძალიან მძიმე,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა – მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.




