ჩვენი მთავარი მიზანია უკრაინისა და მთელი ევროპისთვის საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ყველა შეხვედრამ ამ შედეგამდე მიგვიყვანოს. გვესმის, არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ პუტინი საკუთარი ნებით შეწყვეტს აგრესიასა და დაპყრობების ახალ მცდელობებს. სწორედ ამიტომ უნდა იმუშაოს ზეწოლამ და ეს უნდა იყოს ერთობლივი ზეწოლა, აშშ-ისა და ევროპის მიერ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და ევროკომისიის ლიდერებთან, ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანთან პოზიციები შეათანხმა.
„უკრაინა რეალური ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნისთვის მზად არის. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
