უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების დაკითხვის ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელების გაცვლის ფარგლებში, ისინი სამშობლოში დააბრუნოს.
„ჩრდილოეთ კორეელი პირველი დატყვევებული ჯარისკაცების გარდა, უდავოდ იქნებიან სხვებიც. დროის საკითხია, სანამ ჩვენი ბიჭები შეძლებენ მეტის ხელში ჩაგდებას. უკრაინა მზადაა გადასცეს თავისი ხალხი კიმ ჩენ ინს, თუ მას რუსეთის ტყვეობაში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებში მათი გაცვლის ორგანიზება შეუძლია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ვიდეოში ერთ-ერთი ტყვე უარის ნიშნად თავს აქნევს, როდესაც ეკითხებიან, იცოდა თუ არა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. თარჯიმნის თქმით, ტყვეს უთხრეს, რომ ის უბრალოდ წვრთნებზე მიდიოდა. მან ასევე თქვა, რომ სურდა უკრაინაში დარჩენა და ცხოვრება, მაგრამ შემდეგ დაამატა, რომ მოიქცევა, როგორც ეტყვიან. “თუ უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდება. თუ მიეცემა საშუალება აქ დარჩეს, დარჩება”, – აღნიშნა თარჯიმანმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც არ სურთ დაბრუნება, შეიძლება არსებობდეს სხვა გზებიც. კერძოდ, იმ კორეელებს, რომლებიც გამოხატავენ მშვიდობასთან დაახლოების სურვილს ამ ომის შესახებ სიმართლის კორეულად გავრცელებით, მიეცემათ ასეთი შესაძლებლობა.