უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ამ თვეში უკრაინის წინააღმდეგ 3 500-ზე მეტი დრონი და 190-მდე რაკეტა გაუშვა.
„მხოლოდ სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 3 500-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დრონი, თითქმის 190 რაკეტა და 2 500-ზე მეტი საჰაერო ბომბი გაუშვეს. ასევე, იყო პროვოკაციები ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი განცხადებით, ეს არის „საჰაერო ტერორი“ რომლის წინააღმდეგ საერთო თავდაცვისკენაც უკრაინა პარტნიორებს მოუწოდებს.
„სწორედ ასეთი სახის საჰაერო ტერორის წინააღმდეგ ერთობლივი თავდაცვის მოწოდებით გამოდის უკრაინა – რათა არავის მოუწიოს საბრძოლო თვითმფრინავების ნაჩქარევად აფრენა და რუსეთის ზეწოლის საკუთარ საზღვრებზე შეგრძნება. ახლა დროა, განვახორციელოთ ჩვენი ევროპული ცის ერთობლივი დაცვა მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემით. ამისთვის ყველა ტექნოლოგია უკვე არსებობს. საჭიროა ინვესტიციები და მონდომება – ჩვენი ყველა პარტნიორის ძლიერი ქმედებები და გადაწყვეტილებები“, – აცხადებს ზელენსკი.
ის ასევე ეხმაურება რუსული ძალების მიერ წუხელ ზაპოროჟიეზე განხორციელებულ თავდასხმას.
„მათ განზრახ დაარტყეს ჩვენი ხალხის დასაშინებლად – 13 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი ბავშვი. დაზიანდა მრავალი საცხოვრებელი შენობა. ნიკოლაევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა, როდესაც ჩვეულებრივი ფერმა დაიბომბა“, – წერს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, დაიბომბა ასევე კიევის, სუმის, ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქებიც და რუსეთმა მხოლოდ ამ ერთ ღამეში ასზე მეტი დრონი და 150-ზე მეტი საავიაციო ბომბი გამოიყენა.
