ამ წლის ბოლომდე ვამზადებთ სანქციებთან დაკავშირებულ კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილებას რუსული სუბიექტებისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის აგრესიას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„სანქციების მინიმუმ ერთი პაკეტი იქნება რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან მომუშავე პირების წინააღმდეგ და ესენი არიან არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ჩინეთიდანაც. ჩვენ ასევე ვამზადებთ სასანქციო ნაბიჯებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამართლებენ რუსეთის აგრესიას და ხელს უწყობენ რუსეთის გავლენას მასმედიის საშუალებით, ასევე იმ სპორტსმენების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ სპორტულ კარიერას და სპორტის მიმართ ხალხის ყურადღებას რუსული აგრესიის განსადიდებლად იყენებენ. ვმუშაობთ ევროპულ სტრუქტურებთან ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის დეტალებზე და მთავარი ამოცანაა, რომ ევროპულმა სანქციებმა გააფართოოს ზეწოლა პუტინის და მასთან დაკავშირებული ოლიგარქების ენერგეტიკულ აქტივებზე“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, სასანქციო პაკეტს ამზადებს კანადაც.
„ასევე მზადდება სანქციების ახალი პაკეტი კანადისგან – მადლობა ამ სამუშაოსთვის. უკრაინა ასევე გააგრძელებს სანქციების სინქრონიზაციის პროცესებს: უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებები და დადგენილებები – მალე იქნება“, – წერს ზელენსკი.




