უკრაინა გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე Shahed-ის დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. ჩვენ უკრაინაში კარგად ვიცით მსგავსი თავდასხმების საშინელება რუსეთის მხრიდან, რომელიც იგივე Shahed-ის დრონებს და რუსულ რაკეტებს, მასობრივი საჰაერო დარტყმების იგივე ტაქტიკას იყენებს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.
მისი თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
„ირანის ქმედებები საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და მსოფლიოს, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები ქმნის უფრო ფართო კონფლიქტის საფრთხეს და ორ რეჟიმს შორის აშკარა თანამშრომლობას ტერორის გავრცელებაში უნდა მოჰყვეს მტკიცე და ერთიანი პასუხი მსოფლიოსგან. ტერორის იარაღის Shahed-ის დრონების ხმა ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ცაზე ერთნაირია. ეს ხმა უნდა იყოს გამოღვიძების ზარი თავისუფალი სამყაროსთვის, იმის დემონსტრირება, რომ მხოლოდ ჩვენს ერთიანობას და სიმტკიცეს შეუძლია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ტერორის გავრცელების პრევენცია მთელ მსოფლიოში“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, მსოფლიო დისკუსიების დაწყებას ვერ დაელოდება.
„სიტყვები არ აჩერებს დრონებს და არ იგერიებს რაკეტებს, ამის მიღწევა მხოლოდ ხელშესახები დახმარებითაა შესაძლებელი, რომელსაც ჩვენ ველოდებით. უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოება და მტკიცედ დავუპირისპირდეთ ყველას, ვისაც სურს ტერორი ახალ ნორმად აქციოს. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები ამერიკის მოკავშირეების გასაძლიერებლად ამ კრიტიკულ დროს“, – აცხადებს ზელენსკი.