ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ახალი ტრიბუნალის შესახებ ილაპარაკა: მსოფლიოს სჭირდება პატიოსანი, ისტორიული ვერდიქტი

უკრაინის პრეზიდენტმა მ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მიმართა. მისი გამოსვლის მთავარი თემა იყო უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის დანაშაულზე საგანგებო ტრიბუნალის შექმნა:
“დიახ, წინ კიდევ გრძელი გზაა, ეს ვიცით. ტრიბუნალის შექმნაზე დღევანდელი შეთანხმება მხოლოდ დასაწყისია. ახლა უნდა გადავდგათ რეალური ნაბიჯები, რომ ამან იმუშაოს. ამას დასჭირდება ძლიერი პოლიტიკური და სამართლებრივი თანამშრომლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ომის დანაშაულის ჩამდენი თითოეული რუსი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, პუტინის ჩათვლით”.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ს სრულმასშტაბიან აგრესიაზე დროული და მკაფიო პოზიციისთვის, რამაც მისი განცხადებით, “ხელი შეუწყო მთელი ევროპის პოლიტიკური პასუხის ფორმირებას”. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი 30-მდე რეზოლუცია მიიღო:
“ევროსაბჭო იყო პირველი დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც გარიცხა რუსეთი მისი აგრესიის გამო. თქვენ ცხადყავით, რომ რუსეთის თავდასხმა ზე არის თავდასხმა მთელ ევროპაზე”.
ახალი ტრიბუნალის მიზნებზე საუბრისას, ზელენსკიმ გაიხსენა სხვა ტრიბუნალების გამოცდილება:
“ყველას გვახსოვს ტრიბუნალი, რომელმაც ნაციზმის საშინელებების შემდეგ სამართლიანობა დაამყარა და მსოფლიო არასდროს დაივიწყებს ნიურნბერგს. წლების შემდეგ, როცა სიძულვილი და ომი დაბრუნდა ევროპის ნაწილში, მეორე ტრიბუნალი გახდა საჭირო. ამჯერად, ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილი დანაშაულების გამო. და კვლავ, ევროპამ და მისმა პარტნიორებმა უზრუნველყვეს, რომ სამართალი განხორციელებულიყო ჰააგაში. ახლა გვჭირდება იგივე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო. ეს დანაშაული მკაფიოდ და სამართლიანად უნდა განისაჯოს. მსოფლიოს სჭირდება პატიოსანი, ისტორიული ვერდიქტი, რომ ყველამ, ვინც ამ ომზეა პასუხისმგებელი, პასუხი აგოს.
სწორედ ამ ასამბლეაში გაისმა პირველი მოწოდება ასეთი ტრიბუნალის შექმნისკენ. აქ იყო წამოყენებული ეს იდეა და ახლა ის იძენს რეალურ მხარდაჭერას პარტნიორი ქვეყნებისგან ევროპაში და მის მიღმა. მსურს აგრეთვე მადლობა გადავუხადო მინისტრთა კომიტეტის წევრებს, რომლებმაც კენჭისყრით დაუჭირეს მხარი საგანგებო ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას. გმადლობთ!”.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსვლის ნაწილი ტრიბუნალისადმი სკეპტიკურად განწყობილებისთვის პასუხს დაუთმო:
“ზოგიერთი – და ეს სავსებით გასაგებია ჩემთვის – კითხულობს: რა შეუძლია სინამდვილეში ტრიბუნალს? უკეთესი ხომ არ იქნებოდა სრულად იარაღზე, ტექნოლოგიებსა და დრონებზე კონცენტრირება?
რა თქმა უნდა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციები, პოლიტიკური ზეწოლა აგრესორზე აუცილებელია. და ეს ყველაფერი რუსეთს აგრძნობინებს ომის ნამდვილ ფასს. დიახ, აგრესორი უნდა დამარცხდეს. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. უკრაინელების სიცოცხლე უნდა იყოს დაცული და ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მხარს უჭერს ჩვენს თავდაცვას.
მაგრამ მართლმსაჯულებაც მნიშვნელოვანია და ეს უნდა მოხერხდეს, რომ ომის დამნაშავეებმა ვერსად მოახერხონ დამალვა, ვერც ევროპაში და ვერც სხვაგან. მართლმსაჯულებამ უნდა იმუშაოს იმგვარად, რომ ყველასთვის, ვინც მსგავსი დანაშაულების, აგრესიის დანაშაულის ჩადენას გეგმავს, იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა გარდაუვალია”.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ახალი ტრიბუნალისთვის “საუკეთესო ადგილი” ჰააგაა:
“ჰააგა ელოდება სამართლის აღსრულებას. მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა”.
25 ივნისს სტრასბურგში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის საგანგებო ტრიბუნალის დაფუძნების შესახებ, რომელიც მოიცავს აგრეთვე სტატუტს საგანგებო ტრიბუნალის შესახებ. ტრიბუნალი გამოავლენს იმ პირებს, ვინც მიიღო გადაწყვეტილება და ხელი შეუწყო უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას. საგანგებო ტრიბუნალის შექმნა საჭირო გახდა იმის გამოც, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი (ICC) ვერ ფარავს აგრესიის დანაშაულს.