ვმუშაობთ მოწყობილობაზე, რომელიც შაქრის აწევის შემთხვევაში, ორგანიზმს ავტომატურად ინსულინით მოამარაგებს – Artificial Pancreas

რეგიონული პროგრამის ფარგლებში, Artificial Pancreas, Gita-ს 25000 ლარიანი გრანტის გამარჯვებული გახდა.
კომპანიის თანადამფუძნებელი, ნუგზარ ფერაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ Artificial Pancreas-ის მიზანია, დიაბეტის მქონე ადამიანებს გაუმარტივდეთ სისხლში შაქრის დონის კონტროლი და მოეხსნათ ყოველდღიური დისკომფორტი, რომელიც გამოწვეულია შაქრის გაზომვითა და ინსულინის დოზის შეყვანისას. ასევე, ს მიზანია, სისხლში შაქრის კონტროლის ავტომატიზაცია მოახდინოს.
აღსანიშნავია, რომ გუნდის წევრები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს პირველკურსელები არიან, ისინი სწავლობენ აღნიშნული უნივერსიტეტის ახალ საბაკალავრო პროგრამებზე: მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიები.
„გუნდში ხუთი ადამიანი ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ერთ-ერთ გუნდის წევრს წლებია დიაბეტი აქვს, გადავწყვიტეთ ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს სისხლში შაქრის დონის კონტროლს გაუმარტივებს. შესაბამისად, დავიწყეთ „დივაისის“ (მოწყობილობა) შექმნაზე მუშაობა, რომელიც შაქრის დონის აწევის შემთხვევაში, ორგანიზმს ავტომატურად ინსულინით მოამარაგებს. ასეთი აპარატი საქართველოში ფართოდ გავრცელებული არ არის და ბევრ ევროპის ქვეყანაშიც რეგულაციებიდან გამომდინარე შესვლა ვერ ხერხდება. ამჟამად, მხოლოდ პროტოტიპი გვაქვს აწყობილი. თუმცა, მოწყობილობის შექმნისათვის დაფინანსება გვჭირდებოდა, რომ აპარატი ტექნიკურად გაგვემართა“,-აცხადებს თანადამფუძნებელი ნუგზარ ფერაძე.
მისივე ცნობით, კომპანია შპს-ს დარეგისტრირების პროცესშია, რათა გრანტი აიღოს და მოწყობილობისთვის საჭირო ტექნიკა გამოიწეროს.
„ვთანამშრომლობთ ჩვენი უნივერსიტეტის, SEU-ს აფილირებულ კლინიკასთან American Hospital Tbilisi, სადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დავიწყებთ პროდუქტის დახვეწას და ლიცენზირების საკითხზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ ვრცელი პროცესია. იმისათვის, რომ წარმოება დავიწყოთ, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია გვჭირდება. ვგეგმავთ, რომ საგრანტო პროგრამებში აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა. ამასთან, ვაპირებთ GITA-ს 150000 ლარიან საგრანტო კონკურსში მონაწილეობას”,- განაცხადა თანადამფუძნებელმა.