სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ სამხედრო ბლოგერისა და პროპაგანდისტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილ დარია ტრეპოვას 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
26 წლის ტრეპოვას “ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტში, რამაც გამოიწვია ადამიანის განზრახ სიკვდილი” და “ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო ტარებაში” ედება ბრალად.
ტრეპოვას გარდა გასამართლდა მისი თანამზრახველი დმიტრი კასინცევიც, რომელსაც 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2023 წლის 2 აპრილს რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი სანქტ-პეტერბურგის ბარში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მას ახალგაზრდა ქალმა გადასცა ბიუსტი, რომელიც 5 წუთის შემდეგ აფეთქდა. კაფეში რუსი ულტრანაციონალისტების შეხვედრა მიმდინარეობდა. რუსეთის მედიის ცნობით, დაშავდა 40-მდე ადამიანი.
რუსი მაღალჩინოსნები და პროპაგანდისტები აფეთქებას უკრაინას აბრალებდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კი ამბობს, რომ ეს შემთხვევა რუსეთის შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებასთან არის კავშირში. ამას გარდა, რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა და ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ, მისი აზრით, აფეთქებაში კიევი ჩართული არაა და ეს ჩაიდინა “რადიკალების” ჯგუფმა, რომელსაც არ აქვს კავშირი უკრაინის ხელისუფლებასთან.
ტატარსკის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ, რომელიც აცხადებს რომ უკრაინაში მოქმედი ანტიპუტინისტური ჯგუფია. წარსულში ამ ჯგუფმა პასუხისმგებლობა პროპაგანდისტი და ე.წ. “რუსული სამყაროს” იდეოლოგის, დარია დუგინას აფეთქებაზეც აიღო, თუმცა მათი არსებობა დამოუკიდებელი წყაროებით არ დასტურდება.
ტატარსკი, რომელიც 2014 წელს დონბასში ომის დაწყების დროს ციხიდან გაიქცა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი სამხედრო ბლოეგერი იყო, რომელსაც ტელეგრამ-არხზე 560 000-მდე გამომწერი ჰყავდა. მას კავშირები ჰქონდა როგორც კრემლში, ისე რუს ნაციონალისტებთან, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან. ტატარსკი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაეფექტიან მოქმედებებს უკრაინის ომში.