უკრაინა და დასავლეთი მარცხდება, რუსეთი კი იგებს ომს ამ ეტაპზე. უკრაინა განიცდის ტერიტორიული ამპუტაციის მეორე რაუნდს, ამასთან, უკრაინამ დაკარგა მისი ეკონომიკური რესურსების დიდი ნაწილი და ის დგას ნატოს დახურული კარის წინ, წევრობის კუთხით – უკრაინაში რუსეთის ომის უფრო ფართო მიზანია ევროპის უსაფრთხოების წესრიგის შეცვლა, ნატოს დისკრედიტირება და იმის დემონსტრირება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის სანდო. ამის თავიდან ასაცილებლად ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ უკრაინაში,- ამის შესახებ ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსმა ვლადიმირ სოკორმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.
ვლადიმირ სოკორის თქმით, დასავლეთისა და უკრაინის დამარცხება უკრაინის ტერიტორიაზე, მიწას გამოუთხრის დემოკრატიული თეორიის ლეგიტიმურობას მსოფლიოში. საპირისპიროდ კი დაამტკიცებს რუსეთის ავტოკრატიის უპირატეს ეფექტურობას დემოკრატიულ დასავლეთთან შედარებით.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ შეერთებული შტატები გადაიყვანა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა ბანაკიდან, კრიტიკოსების ბანაკში. რუსეთი სწორ გზას ადგას უკრაინის არამიმზიდველ პარტნიორად წარმოჩენაში ევროკავშირისთვის. როდესაც ევროკავშირმა 2022 წლის დეკემბერში უკრაინას კანდიდატის სტატუსი შესთავაზა, უკრაინის დანაკარგის მასშტაბები ცხადი არ იყო. ამ ეტაპზე, ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის საფასური ამკრძალავი ხდება თავად ევროკავშირისთვის. დასავლეთისა და უკრაინის დამარცხება უკრაინის ტერიტორიაზე მიწას გამოუთხრის დემოკრატიული თეორიის ლეგიტიმურობას მსოფლიოში. საპირისპიროდ კი ის დაამტკიცებს რუსეთის ავტოკრატიის უპირატეს ეფექტურობას დემოკრატიულ დასავლეთთან შედარებით. არსებული გამოსავალი, რომელიც ფართოდ არის შეთავაზებული ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი აკადემიური წრეებისგან და ანალიტიკოსებისგან გულისხმობს უკრაინის დაყოფას იმ ხაზზე, რომელიც გავლებული იქნება ცეცხლის შეწყვეტის მომენტისთვის. ამერიკულ დებატებში განხილულ მოდელებს შორის არის გერმანიის, კორეისა და კვიპროსის მოდელები. განსხვავება ამჟამად უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ვითარებას შორის გერმანიაში, კორეასა და კვიპროსში ამ მოდელების არსებობის პერიოდში, არ შეიძლება უფრო მკვეთრი იყოს. არ არსებობს შესაძლო ანალოგი უკრაინაში არსებულ ვითარებასა და იმ დროინდელ დაყოფებს შორის. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ კიდევ ერთი დაყოფისკენ უკრაინაში, რომელიც, ცხადია, არ იქნება აღიარებული საერთაშორისოდ, მაგრამ ეს იქნება დე ფაქტო დაყოფა. დებატები ვითარდება ისეთი კონცეფციის ირგვლივ, როგორიც არის მშვიდობა, ზავი, ცეცხლის შეწყვეტა, გაყინული კონფლიქტი, ომის შემდგომი ვითარება, პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარება – არც ერთი ამ კონცეფციიდან აღარ მოქმედებს ჰიბრიდული ომის ერაში. ეს მოქმედებდა ისტორიის ადრეულ ეტაპზე, როდესაც მკვეთრი განსხვავება იყო ომისა და მშვიდობის მდგომარეობებს შორის. არანაირი მშვიდობა არ არის შესაძლებელი რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში.
რუსეთის ომი უკრაინის ტერიტორიაზე, არის ომი დასავლეთთან უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინა არის ტერიტორიული არენა დასავლეთის წინააღმდეგ ომში. ეს ის არის, რაც დასავლეთს არ ესმის, ან თუ ესმის, სურვილი არ აქვს, რომ ამაზე რეაგირება იქონიოს. უკრაინაში რუსეთის ომის უფრო ფართო მიზანია ევროპის უსაფრთხოების წესრიგის შეცვლა, ნატოს დისკრედიტირება და იმის დემონსტრირებაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის სანდო. ამის თავიდან ასაცილებლად ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ უკრაინაში. სხვა შემთხვევაში უკრაინაში რუსეთის ჰიპოთეტური გამარჯვების შემდეგ ის შემდგომ ნაბიჯს გადადგამს. ის მოითხოვს გარკვეული სახის კონფერენციას ევროპული უსაფრთხოების წესრიგის რეგულირებისთვის. რუსეთი მოითხოვს წამყვან ხმასა და როლს მოდიფიცირებულ უსაფრთხოების წესრიგში ევროპაში და გამოჩნდება საკმარისი რაოდენობის ქვეყანა დასავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით, ცენტრალურ ევროპაში, ვისაც სურვილი ექნება მხარი დაუჭიროს რუსეთის ამ მოთხოვნას თუ ისინი დაშინებულები იქნებიან რუსეთის გამარჯვებით უკრაინაში”,- განაცხადა სოკორმა.