ვლადივოსტოკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქებები უკრაინის ოპერაციის შედეგი იყო – მედია

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკის ყურის, დესანტნაიას რაიონში დღეს მომხდარი აფეთქებები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაციის შედეგი იყო. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერენ გამოცემები „უნიანი“ და „რბკ-“.
ანონიმურმა წყარომ გამოცემებს მიაწოდა ერთნაირი შინაარსის ინფორმაცია, რომ ყურე დესანტნაიას რაიონში, სადაც ს საზღვაო ქვეითების 155-ე ბრიგადის 47-ე სადესანტო-მოიერიშე ბატალიონია დისლოცირებული, სულ მცირე ორი აფეთქება იყო. ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტის რაიონში, ხოლო მეორე იმ ადგილას, სადაც უშუალოდ იმყოფებიან სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობა და სარდლობა.
წყარო, რომელიც ოპერაციის რაიმე დეტალებს არ აკონკრეტებს, ირწმუნება, რომ ზიანი მიადგა ცოცხალ ძალას, სამხედრო ტექნიკას და სპეციალურ საშუალებებს. ადგილობრივ მცხოვრებთა თანახმად, ინციდენტის რაიონში მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სულ მცირე 10 მანქანა და საევაკუაციო ვერტმფრენი.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო ქვეითების 155-ე ბრიგადა უკრაინელ სამხედროებთან ომში ჩართული იყო მარიუპოლსა და უგლედარში და ასევე, რუსეთის კურსკის ოლქში.
ვლადივოსტოკში, სადაც წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტის მთავარი შტაბი და სხვა სამხედრო ობიექტები მდებარეობს, ყურე დესანტნაიას რაიონში აფეთქებები დღეს, 30 მაისს დილით მოხდა.
ამ რაიონში რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ქვეითების პოლიგონია.
ტელეგრამ-არხი The True Story იუწყებოდა, რომ აფეთქება მოხდა იმ ადგილზე, საიდანაც სამხედრო ტექნიკის გემებზე გადატვირთვა ხდება.
რუსეთის პრიმორიეს მხარის მთავრობამ, რომელმაც ინციდენტის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაც ჩაკეტა, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა ცნობა, რომ ორი აფეთქების მიზეზი იყო ერთ-ერთ ავტომანქანაში „პროპან-ბუტანის ხსნარის შემცველი ბალონების აალება“. ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის და ადმინისტრაციული შენობები არ დაზიანებულა.