ნარკოდანაშაულში ბრალდებულის, რუსეთის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის ადვოკატის, გიორგი ჩხეიძის დასკვნითი სიტყვა 42 გვერდია. ის ორი საათის განმავლობაში უსაბუთებდა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას, რატომ მიაჩნია, რომ ანტონ ჩეჩინს ნარკოტიკი მისი პოლიტიკური პოზიციის გამო „ჩაუდეს”.
„ანტონ ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმე მნიშვნელოვანია ჩემთვის არა მხოლოდ როგორც ადვოკატისთვის, არამედ როგორც ადამიანისთვის, მოქალაქისთვის, რამეთუ ვიცი რომ ვიცავ უდანაშაულო ადამიანს”, – ემოციურად დაიწყო ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ ვრცელი დასკვნითი სიტყვა და თხრობა ანტონ ჩეჩინის რუსეთში ცხოვრების ეპიზოდით გააგრძელა.
მოკლედ ანტონ ჩეჩინზე
ადვოკატის მონათხრობის თანახმად ანტონ ჩეჩინი, რუსეთის პატარა ქალაქ ბარნაულიდან არის.
ის 2017 წლიდან ეხმარებოდა ალექსეი ნავალნის პარტიას და ორჯერ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით.
აქტიურად იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებშიც. არაერთხელ გაუმართავს ერთკაციანი აქციაც, საპროტესტო ბანერით ხელში.
ანტონ ჩეჩინი მონაწილეობას იღებდა უკრაინაში წარმოებული სისხლისმღვრელი ომის საწინააღმდეგო აქციებშიც, თუმცა მალევე მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ანტონს მოუწია რუსეთის ფედერაციის დატოვება და თბილისში ჩამოსვლა.
რეპრესიული ღონისძიებების საპასუხოდ კი მან მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ანტონ ჩეჩინმა აღნიშნული დავა მოუგო რუსეთის ფედერაციას და დადგინდა კონვენციის შესაბამისი მუხლის დარღვევა და რუსეთის ფედერაციას დაეკისრა კომპენსაცია.
თბილისში ჩამოსვლის შემდგომ იგი მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრაცია მოქმედებისთვის“, რომლის ფარგლებშიც ეხმარებოდა ომისგან დაზარალებულ უკრაინელ იძულებით გადაადგილებულ პირებს.
ანტონმა საქართველოში გაიცნო მისი ამჟამინდელი მეუღლე – მანანა სამხარაძე, რომელთანაც 2023 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.
„საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აქტიურად იღებდა მონაწილეობას თბილისში მიმდინარე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში… როგორც თავად ანტონ ჩეჩინმა განმარტა დაკითხვისას, იგი საკმაოდ ხშირად, თითქმის ყოველდღიურად, ესწრებოდა საპროტესტო აქციებს, რომლის დროსაც ეხმარებოდა დაშავებულ მოქალაქეებს სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებით”, – თქვა ადვოკატმა.
რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს, დილით, სამსახურში აპირებდა წასვლას, როდესაც სახლთან დააკავეს. მასაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ალფა პვპ-ს შეძენა და შენახვა ედება ბრალად და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
დაკავების ეპიზოდამდე, ადვოკატი 2024 წლის 18 ნოემბერზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ამბავი, რომელიც ამ დღეს ანტონ ჩეჩინს თავს გადახდა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.
რა მოხდა 2024 წლის 18 ნოემბერს?
ამ დღეს ანტონ ჩეჩინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.
როგორც თავად ანტონ ჩეჩინმა განმარტა, მელიქიშვილის ქუჩაზე ყოფნისას, დაუსაბუთებლად და ყოველგვარი ახსნა – განმარტების გარეშე, მოათავსეს პოლიციის ავტომანქანაში და გადაიყვანეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან, სადაც გაჩხრიკეს და დაემუქრნენ, რათა შეეწყვიტა საპროტესტო აქციებში მონაწილეობა.
„აღნიშნული გარემოებები დასტურდება, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მიმოწერის ამსახველი ე.წ სქრინშოთებით”, – ამბობს ადვოკატი და ამატებს, რომ „მიუხედავად მუქარისა და დაშინებისა, ანტონ ჩეჩინი კვლავ აქტიურად აგრძელებდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, 2024 წლის 3 დეკემბრამდე, მის დაკავებამდე”
გიორგი ჩხეიძეს მიაჩნია, რომ 2024 წლის 3 დეკემბერი, ანუ დაკავება 18 ნოემბრის ერთგვარი გაგრძელებაა.
„ის მუქარა და დაშინება სისრულეში მოიყვანეს…საგამოძიებო ორგანოები ანტონ ჩეჩინით მისი პოლიტიკური აქტივობისა და პროტესტში მონაწილეობის გამო დაინტერესდნენ”, – აცხადებს ის.
ანტონ ჩეჩინის ჩხრეკა და დაკავება ვიდეოზე გადაღებული არ არის. პროკურატურა ამბობს, რომ ამ საქმის ნეიტრალური მოწმე თარჯიმანია, რომელიც ბრალდებულს პოლიციელების ნათქვამს უთარგმნიდა. ამას გარდა, ნარკოტიკების შეფუთვაზე ამოვიდა ჩეჩინის დნმ-ის კვალი.
პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა თქვა, რომ ვიდეო ვერ გადაიღეს, რადგან ანტონ ჩეჩინი პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, ადვოკატი კი ამბობს, რომ „ვიდეოს გადაღება ობიექტურად შესაძლებელი იყო”.
რატომ?
ანტონ ჩეჩინი სამსახურში მიმავალი სახლთან გააჩერეს, ავტომობილში ჩასვეს და იქ გაჩხრიკეს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ჩეჩინს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, შესაბამისად ავტომობილში ჩასმა საჭირო არ იყო, თუმცა პოლიციელები ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ „მიმდინარე მოვლენები არ დაეფიქსირებინა რომელიმე ვიდეოკამერას ან გამვლელ პიროვნებებს”.
„მათი მხრიდან პიროვნების დახურულ სივრცეში, ავტომანქანაში მოთავსება, მაშინ როდესაც შეეძლოთ თუნდაც ადგილზე ეწარმოებინათ პირადი ჩხრეკა, კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ გარემოებას, რომ ანტონ ჩეჩინის მიმართ ადგილი ჰქონდა თვითნებობას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ძალადობას და ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებას”, – ასკვნის ადვოკატი.
რა არგუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებს ადვოკატი, რომ ანტონ ჩეჩინს ნარკოტიკი „ჩაუდეს?”
ადვოკატის დასკვნითი სიტყვის თანახმად, ანტონ ჩეჩინს ავტომობილში ყოფნისას პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ორჯერ.
პირველი ჩხრეკისას, ადვოკატის თქმით, მას წაართვეს მობილური ტელეფონი, ამოიღეს სხვადასხვა პირადი ნივთები და თხოვნის მიუხედავად, ცოლთან დარეკვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
„უშუალოდ მეორე ჩხრეკისას, როდესაც ანტონს მოსთხოვეს ქურთუკის გახდა და შემდგომ ისევ ჩაცმა, აღნიშნული ქურთუკის ერთ-ერთი ჯიბიდან იღებენ პაკეტს, რომელშიც მოთავსებულია მოთეთრო ფერის ნივთიერება. აღნიშნულ პაკეტს გამომძიებლები ათავსებენ ანტონ ჩეჩინთან შორიახლოს, ავტომანქანის წინა სავარძლებს შორის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმავდროულად მიმართავს პოლიციელებს, რომ ეს პაკეტი მას არ ეკუთვნის და რომ ადგილი აქვს გაუგებრობას”, – ამბობს ადვოკატი.
ანტონ ჩეჩინის განმარტებით, მისი პირადი ჩხრეკის დროს ავტომობილში და მის მიმდებარედ იმყოფებოდა და მონაწილეობდა დაახლოებით 6-8 პიროვნება. ის ამბობს, რომ მისი თანდასწრებით ე.წ „ლენტის“ – სამაგრი არ აუხსნიათ და სპეცპაკეტები არ დაულუქავთ – „ხელმოწერები გაკეთდა დაულუქავ სპეცპაკეტზე”.
მუქარა ჩხრეკისას, ავტომობილში
გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ ავტომანქანაში ჩასმის შემდეგ პოლიციელებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფიზიკურად იძალადეს.
„ანტონ ჩეჩინს ართმევენ ე.წ მეტრომანს (პლასტიკურ ბარათს) და სახის არეში ურტყამენ, ასევე მას კეფაში დაარტყა ავტომანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა პიროვნებამ. რამდენიმე მათგანს ასევე ეკეთა პირბადე.
ეს პირები ავლენდნენ აგდებულ დამოკიდებულებას და მიმანიშნებლად საუბდნენ, რომ თითქოს იგი ნარკოტიკულ ნივთიერებებს ასაღებს და „ქართველებს წამლავს“. ასევე იყო პირდაპირი მუქარა, რომ მას იმდენად უყვარს საქართველო, რომ მთელი ცხოვრების გატარება მოუწევს საქართველოში (საქართველოს ციხეში)”, – აცხადებს ადვოკატი.
პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
დაკავების შემდეგ, ანტონ ჩეჩინი გადაიყვანეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში, სადაც ბრალდებულის თქმით, პირის ღრუდან ბიოლოგიური ნიმუში მოტყუებით მოიპოვეს.
„საწყობის მსგავს“, მცირე ზომის კაბინეტში, შეიყვანა ორმა პიროვნებამ. ორივე მათგანს ეკეთა პირბადე და ხელთათმანი. ანტონს განუმარტეს, რომ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა შეემოწმებინათ პირის ღრუ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თითქმის სრულად გააშიშვლეს რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მათგანმა ხელთათმანის გამოყენებით შეამოწმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პირის ღრუ”, – ამბობს ადვოკატი.
მას მიაჩნია, რომ „რეალურად კი სწორედ ამ გზით მოხდა ანტონ ჩეჩინის ბიოლოგიური ნიმუშის მოპოვება და შემდგომ უკვე დატანა პაკეტზე”.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო:
„ცხადია ბრალდების მხარეს არ სურდა იმგვარი დოკუმენტის არსებობა სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი!”, – ამბობს ჩხაიძე.
ადვოკატი კიდევ რამდენიმე საკითხს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, მისი თქმით:
· „ოპერატიული ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც გამოძიება დაიწყო ბუნებაში არ არსებობს და ხელოვნურადაა შექმნილი”