“ვიშეგრადის ოთხეული” უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიზეზებზე და კიევისთვის დახმარების ფორმებზე ვერ თანხმდება.
ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ “ვიშეგრადის ოთხეულის” (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფიალას თქმით, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში პოლონეთისა და ჩეხეთის პოზიციას არ იზიარებენ, მაგრამ მზად არიან, სხვა საშუალებებით დახმარებისთვის, კერძოდ კი ჰუმანიტარული და ფინანსური კუთხით.
აღნიშნული დაადასტურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმაც, ვიქტორ ორბანმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს და უკრაინას დახმარება სჭირდება, მაგრამ აღნიშნა, რომ უნგრეთი კიევს იარაღს არ გადასცემს.
ორბანი ასევე “რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესი” სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებით გამოვიდა. მას საჯაროდ არ დაეთანხმა ფიალა, რომელმაც აღნიშნა, რომ არ სჯერა პაციფისტური გადაწყვეტილებების და არ სჯერა, რომ აგრესორისთვის დათმობებით შესაძლებელია გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა.
უნგრელ კოლეგას დაეთანხმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.
მან განაცხადა, რომ აღიარებს და პატივს სცემს უკრაინის დამოუკიდებლობას. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება როგორც უკრაინას, ასევე რუსეთის ფედერაციასაც.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის დახმარების საკითხში ქვეყნები ნაწილობრივ მაინც შეძლებენ თანამშრომლობას და განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა “უფრო ერთგვაროვანი უნდა იყოს.” ჩეხი კოლეგას მსგავსად მან უარყო “სწრაფი” მოლაპარაკებებისთვის მოწოდებები.
“მორალური, პოლიტიკური და ისტორიული შეფასება იმისა, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მკაფიო უნდა იყოს. ისეთ საკითხებში, როგორიცაა იმის შეფასება, თუ ვინ არის მსხვერპლი, ვინ არის აგრესორი, მოლაპარაკებებისთვის ადგილი არ არსებობს”, – განაცხადა ტუსკმა.