ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ამ ეტაპზე დედაქალაქში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების 70%-ზე მეტი არის შექმნილი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ამ ეტაპზე დედაქალაქში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების 70%-ზე მეტი არის შექმნილი.
მისივე თქმით, გარკვეული „რთული მონაკვეთებია დარჩენილი“, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ჯერჯერობით პროცესების დასრულება ვერ ხდება.
„რაც შეეხება „ბასლაინების“ საკითხს, დღეის მდგომარეობით იცით, რომ დაახლოებით 70%-ზე მეტი არის დახაზული ქალაქში, თუმცა არის დარჩენილი, ასე ვთქვათ, რთული მონაკვეთები, იქ, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები არის ჩასატარებელი, ოღონდ ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგულისხმება მიწისქვეშა კომუნიკაციები და აქ ძალიან ბევრი პროვაიდერი, თუ კომპანია არის ჩართული, როგორც წყალმომარაგების, გაზმომარაგების, ელექტრომომარაგების, ინტერნეტის და ა.შ. საკმაოდ დიდი და მასშტაბური პროექტებია. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამისი დაგეგმარება, უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილებები მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი იქნება შემდეგი ეტაპი. იმ დერეფნებზე უბრალოდ დახაზვით ვერ გავალთ, ამიტომ არის ეს პროცესი ცოტა შეფერხებით.
ერთი ან ორი წელი შეიძლება კონკრეტულის რეაბილიტაციას დასჭირდეს. ვინაიდან იქ კომუნიკაციებთან დაკავშირებით არის დაკავშირებული პრობლემები. იმ ტერიტორიებზე, სადაც კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურული სამუშაოები არის შესასრულებელი და ბევრი ოპერატორი არის ჩართული ამ პროცესში, მოკლე პერიოდში ვერ ხერხდება. ჩემთვის ყველაზე კრიტიკული არეალი არის გელოვანის და აღმაშენებლის გამზირი“, – განაცხადა წილოსანმა.
გარდა ამისა, წილოსანი ჟურნალისტებთან საუბრისას დიდგაბარიტიანი ავტომანქანების შეზღუდვის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსულტაციები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა და იმართება. მისი შეფასებით, ახალ ცვლილებას „წვრილმა კომპანიებმა ძირითადად ვერ აუღეს ალღო“.
„ჩვენი მიზანი არ არის, რომ ბიზნეს წნეხი მივაყენოთ, ამიტომ გვქონდა ზუსტადაც კონსულტაციები. არა ერთხელ შევხვდი დისტრიბუტორებს, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და სხვა ყველა სექტორის წარმომადგენელს. თუმცა სამწუხაროდ, წვრილმა კომპანიებმა ძირითადად ვერ აუღეს ალღო ამას, ვინაიდან აქვთ რაღაცა ტიპის პრობლემები, მათ შორის, გადაწყობასთან და დამეჯმენტებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა წილოსანმა.
ამასთან, მისივე თქმით, თბილისის ყველა უბანს თითო 18-მეტრიანი ავტობუსი ეყოლება.